“საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ზოლი საზღვრის დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზეა გადასული”

თურქეთის რესპუბლიკაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

“საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, როგორც სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის, ასევე საქართველოს აეროპორტების გამტარი პუნქტებიდან საქართველოს მოქალაქეების გადაადგილება თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით შეზღუდულია, ხოლო საპირისპირო მიმართულებით – თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში – შეუფერხებლად ხორციელდება.

შს მინისტრის ბრძანებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მწვანე ზოლი გადასულია საზღვრის დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზე. მობილიზებულია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სრული პირადი შემადგენლობა, განსაკუთრებით კონტროლდება საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის მიმართულება. ასევე, მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დეპარტამენტის მცურავი საშუალებები, რომლებიც აჭარის აკვატორიას აკონტროლებენ.

შსს-ს არსებული სიტუაციისადმი ადეკვატური ზომები აქვს მიღებული, რათა უსაფრთხოების დონე კვლავ დარჩეს მაღალ ნიშნულზე”,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითურქეთში შეტაკებების დროს დაღუპულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიასალომე ჩარკვიანის საპროცესო შეთანხმება ოთხ წლიან პირობით მსჯავრს ითვალისწინებს