საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 6, 2020 18:31

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტის მიერ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს ე.წ. ციანიდის საქმის გამოძიებისა და სასამართლო ეტაპზე გამოვლენილ არსებით ხარვეზებს, რასაც ეფუძნებოდა სახალხო დამცველის მიერ მის შეწყალებასთან დაკავშრებით გაკეთებული განცხადებები.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სასამართლომ გიორგი მამალაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ ცნო. თუმცა, მოცემული საქმის ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე პარლამენტის წევრები, პრემიერ–მინისტრი, იუსტიციის მინისტრი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები მიანიშნებდნენ, რომ გიორგი მამალაძე პატრიარქის მკვლელობას გეგმავდა. დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაზე კიდევ ერთხელ გააკეთა მინიშნება, რა ვერსიაც გამოძებისა და სასამართლოს მიმდინარეობის დროს არ განხილულა.
როგორც გამოძიების, ისე – დახურული სასამართლო პროცესის სრულყოფილი შესწალის შედეგად სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა მონიტორინგის ანგარიში, სადაც მითითებულია გამოძიების ეტაპზე დაშვებული ისეთ საპროცესო ხარვეზებზე, რომლებიც სასამართლო განხილვის დროს არ გამოსწორდა და გადამწყვეტი გავლენა მოახდინა პროცესის საბოლოო შედეგზე, კერძოდ:
• სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელთა მიერ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევამ ხელი შეუწყო ბრალდებულის მიმართ ნეგატიური საზოგადოებრივი განწყობის გაჩენას განაჩენის გამოტანამდე
• ადვოკატებისათვის გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრება და პროცესის სრულად დახურვა არ ემსახურებოდა კანონმდებლობით განსაზღვრულ მიზნებს და არათანაბარ პირობებში აყენებდა დაცვის მხარეს
• მხარეთა თანასწორობის დარღვევა კიდევ უფრო საგრძნობი ხდებოდა ბრალდების მხარის მიერ მისთვის სასარგებლო მტკიცებულებების განგრძობადი გასაჯაროების ფონზე
• საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა დაცვის მხარეს დაუსაბუთებლად არ მისცეს საქმის მთავარი ნეიტრალური მტკიცებულების – აეროპორტის ვიდეოჩანაწერების მოპოვების საშუალება
• პროკურატურის მოქმედებების შედეგად, დაცვის მხარისთვის შეუძლებელი გახდა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე რამდენიმე ექსპერტიზის ჩატარება
ამ და სხვა საგულისხმო ხარვეზების შედეგად, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი არ იყო საკმარისად დასაბუთებული, მტკიცების ტვირთი ბრალდებულზე იქნა გადატანილი და მტკიცებულებათა შეფასებისას გონივრულად წარმოშობილი ეჭვი ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გადაწყდა.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი წლების განმავლობაში, მათ შორის, შეწყალების კომისიის წევრობის დროს, მხარს უჭერდა გიორგი მამალაძის შეწყალებას. შეწყალების კომისიის გაუქმების შემდგომ სახალხო დამცველი პრეზიდენტს მოუწოდებდა, გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხი განხილულიყო შესაბამისი პროცედურების დამტკიცებისთანავე.
სახალხო დამცველი წუხილს გამოთქვამს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამო, რომლის შედეგადაც გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეში გამოკვეთილი სამართლებრივი ხარვეზები შესაბამისი შეფასების გარეშე დარჩა-ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 6, 2020 18:31

Google სტატისტიკა


2,535
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics