პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” ეხმიანება ინფორმაციას სერგეი ლავროვის შესაძლო ვიზიტის შესახებ

რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20% და აგრძელებს ტერიტორიების მითვისებას, საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობას, დევნას და გატაცებას. ამ ყველაფრის ფონზე, განსაკუთრებით კი “გავრილოვის ღამის” და რუსეთის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ლავროვის ვიზიტი იქნება უკიდურესად ცინიკური ნაბიჯი, რომელიც შეურაცხყოფს საქართველოს სუვერენიტეტს.

“ლელო საქართველოსთვის” პრინციპულად მიიჩნევს, რომ საქართველომ ჯეროვნად უნდა გამოიყენოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის მნიშვნელოვანი ვალდებულება, როგორც თავისი ეროვნული ინტერესის და საერთაშორისო იმიჯის განსამტკიცებლად, ასევე დეოკუპაციის და არაღიარების პოლიტიკის გასამყარებლად.

მივიჩნევთ, რომ შექმნილ ვითარებაში სერგეი ლავროვის ვიზიტი ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და აფერხებს ევროსაბჭოს გამართულ მუშაობას. “ლელო საქართველოსთვის” მოითხოვს, რომ დიპლომატიური არხების გამოყენებით და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, საქართველოს მთავრობამ მიიღოს ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ სერგეი ლავროვი არ დაესწროს ევროსაბჭოს სხდომას და მთავრობამ არ დაუშვას სიტუაციის ესკალაცია, რაც აზარალებს როგორც საქართველოს, ასევე ევროსაბჭოს და საერთაშორისო პარტნიორთა ინტერესებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს სახალხო დამცველის განცხადება გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: ეს კაცი უბრალოდ ივანიშვილის და საპატრიარქოს ტყვე კი არაა, სიკვდილმისჯილია