საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას, ეძლევა შესაძლებლობა, საკუთარი დღის წესრიგი საერთაშორისო პარტნიორებს გააცნოს

საქართველოს ეძლევა საშუალება, რომ საკუთარი დღის წესრიგი, რომელიც დამყარებულია ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიაზე და კანონის უზენაესობაზე, გააცნოს, როგორც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ასევე წვლილი შეიტანოს იმაში, რომ ამ ღირებულებების გაძლიერება მოხდეს საერთაშორისო, ევროპულ დღის წესრიგში, – ამის შესახებ საერთაშორისო საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა, საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით მედიასთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერის პრესსპიკერის თქმით, საქართველო ხდება საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქვეყანა და ეს არის პირველად ისტორიაში.

ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა შეაფასა, როგორც დიდი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის.

„ევროპის საბჭო, ეს არის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ზუსტად 70 წლის წინ შეიქმნა, დაყრდნობილი იყო ისეთ ფასეულობებსა და ღირებულებებზე, რომელიც მიზნად ისახავს ერთიან ევროპას, როგორც ერთიან სახლს ჩვენი ევროპული ცივილიზაციისა და ასევე ღირებულებებს, როგორიც არის დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის შესაძლებლობა, რომ არჩევანი, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ 20 წლის წინ და გავხდით ევროპის საბჭოს ნაწილი, ანუ მივიღეთ ცივილიზაციური არჩევანი, მივიღეთ ისტორიული არჩევანი, მივიღეთ ვალდებულება, რომ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა საქართველო ჩამოყალიბდეს ძლიერ დემოკრატიულ, განვითარებულ სახელმწიფოდ და მისმა მოქალაქეებმა ისარგებლონ აბსოლუტურად ყველა ევროპული შესაძლებლობით“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღეიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით, საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.

banner
წინა სტატიაშივაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ევროპის საბჭოს ინსტიტუტებს მიმართავენ
შემდეგი სტატიაქოცპროპაგანდისტული მედიის დიდი შემოსევაა სტრასბურგში – სამადაშვილი