საქართველოს რესპუბლიკური პარტიის განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რესპუბლიკური პარტია მიესალმება ნატოს ეგიდით შავ ზღვაში მიმდინარე სამხედრო წვრთნებს საქართველოსთან ერთად აშშ-ს, იტალიის და თურქეთის მონაწილეობით, რომლებიც მიმართულია როგორც რეგიონის უსაფრთხოებაში ნატოს პასუხისმგებლობის გაზრდისკენ, ისე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისკენ და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში სახელმწიფოებრიობის მხარდაჭერისკენ.

ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე კიდევ უფრო იზრდება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, და შესაბამისად შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე უშუალოდ საქართველოს როლი რეგიონალური უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში.

ნატოში გაწევრიანების გზაზე, რაც საქართველოს სტრატეგიული და სუვერენული არჩევანია ჩრდილო-ატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის, აგრეთვე საკუთარი დემოკრატიული განვითარებისა და სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობის პროცესში, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, სადაც პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ბაზების განლაგება შესაძლებელიცაა და აუცილებელიც.

საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას მიაჩნია, რომ მის ტერიტორიაზე ნატოს წევრ ქვეყნებთან და განსაკუთრებით აშშ-თან სამხედრო-სტრატეგიული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას რეგიონში მდგრადობის და მშვიდობის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე რუსეთის ფედერაციიდან მომავალი საფრთხეების, უარყოფითი გავლენების და დესტრუქციული ქმედებების გასანეიტრალებლად.

შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას აქტიურად და ინტენსიურად წამოიწყოს აშშ-თან უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებები, რომლებიც ორიენტირებული იქნება ფართომასშტაბიანი და გრძელვადიანი სამხედრო ბაზის გახსნისკენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე-აღნიშნულია საქართველოს რესპუბლიკური პარტიის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – საქართველოში ეს არის ყველაზე სრულყოფილად აღჭურვილი, ყველაზე დიდი სახანძრო-სამაშველო ობიექტი
შემდეგი სტატიასტუმრებს 3500 ლარიანი ჩეკი მოუტანეს-რა მოხდა რესტორან “სულთანში”