საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით სლოვენიის რესპუბლიკას ეწვია

margve1სლოვენიის რესპუბლიკაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი გაიმართება. ქვეყნის პირველი პირი ლიუბლიანას პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან და საქართველოს დელეგაციასთან ერთად დღეს ეწვია.
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის და პირველი ლედის მაკა ჩიჩუას დახვედრის ოფიციალური ცერემონია ლუბლიანაში, კონგრესის მოედანზე, 18 ივლისს გაიმართება.
დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბორუტ პაჰორის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ასევე დაგეგმილია საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას შეხვედრა სლოვენიის პირველ ლედისთან ტანია პეჩართან.
საქართველოს პრეზიდენტის და პირველი ლედის პატივსაცემად სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბორუტ პაჰორის და ტანია პეჩარის სახელით ოფიციალური სადილი გაიმართება.
გიორგი მარგველაშვილი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება სლოვენიის პრემიერმინისტრს მირო ცერარს, ასევე, სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს მილან ბრგლეზს, ქალაქ ლიუბლიანას მერს ზორან იანკოვიჩს და ქალაქ პირანის მერს პიტერ ბოსმანს.
დაგეგმილია შეხვედრა სლოვენიის რესპუბლიკის ინფრასტრუქტურის მინისტრ პიტერ გასპერსიჩთან. შეხვედრის შემდეგ ორმხრივი დოკუმენტების – შეთანხმებების ხელმოწერის ცერემონია გაიმართება, რომელიც საქართველოსა და სლოვენიას შორის ეკონომიურ თანამშრომლობას და სამუშაო პასპორტების მქონე პირთა ვიზების გამარტივებას ეხება.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე, მაია მელიქიძე, ანა დოლიძე, კახა კოჟორიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, საქართველოს ელჩი სლოვენიის რესპუბლიკაში ზურაბ ბექაია, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი ნინო ჩიქოვანი.
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სლოვენიის რესპუბლიკაში 19 ივლისს დასრულდება.

banner
წინა სტატიაშისაერთაშორისო კოალიციამ ინჯირლიკის ავიაბაზიდან “ისლამური საელმწიფოს” პოზიციებზე დარტყმები განაახლა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმს შორის სატელეფონო საუბარი შედგა