საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს როზარია პუგლისს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს როზარია პუგლისს შეხვდა, რომელიც საქართველოში თავის საქმიანობას ასრულებს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნატოს სამეკავშირეო ოფისის მნიშვნელოვან წვლილზე, საქართველო-ნატოს დაახლოების პროცესში.
აღინიშნა გლობალური პანდემიის მიუხედავად, ნატო-საქართველოს აქტიური თანამშრომლობა 2021 წელს, მათ შორის, ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის განხორციელების კუთხით.
საუბრისას განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ასევე დემოკრატიზაციისა და თავდაცვის კუთხით განხორციელებული რეფორმები. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ნატოში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია. ასევე აღინიშნა, რომ ნატოს 2022 წლის სამიტი კარგი შესაძლებლობა იქნება საქართველოს პროგრესის აღიარებისთვის.
ყურადღება დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოებას, ამ მიმართულებით არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობასა და რეგიონის როლს ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემაში.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა ავღანეთში მიმდინარე ნატოს მისიაში და ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს ავღანეთიდან ევაკუაციის ძალისხმევაში.
პრემიერ-მინისტრმა როზარია პუგლისს მადლობა გადაუხადა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით გაწეული ძალისხმევისთვის და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ურყევი მხარდაჭერისთვის და წარმატებები უსურვა.

წინა სტატიაშიჯანდაცვის მინისტრს ფოლადის გამძლეობა და ატანა მინდა ვუსურვო- სერგეენკო
შემდეგი სტატიაპარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2021-2024 წლების სტრატეგიის დოკუმენტი განიხილა და დაამტკიცა