საქართველოს პრემიერ-მინისტრი EPP-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტს დევიდ მაკალისტერს შეხვდა.

საუბრის მთავარი თემები საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მიესალმება ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს, რაც მას საშუალებას მისცემს, პირადად გაეცნოს ქვეყანაში არსებულ ვითარებას.

მთავრობის მეთაურმა, შეხვედრისას ხაზი გაუსვა 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის მიმართულებით განხორციელებულ კომპლექსურ რეფორმებს, რომლებიც დემოკრატიის კონსოლიდაციას და ქვეყნის განვითარების მყარი საფუძვლის შექმნას ემსახურება. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის ერთგულია და ამაზე მიუთითებს როგორც ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, ასევე – ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულება და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი.

პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო, ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, ევროპარლამენტისგან სრულ მხარდაჭერას მიიღებს.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ქვეყანაში მედიის თავისუფლების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსაც.

საუბარი ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხო. პრემიერმა აღნიშნა, რომ დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება საქართველოს მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

„ჩვენ ველოდებით და მივესალმებით,რაც შეიძლება მეტ დამკვირვებელს, მათ შორის ევროპარლამენტიდან”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, დავით ბაქრაძე დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციური პარტიების შეფასებით ნარმანიამ ვერცერთ კითხვას ვერ უპასუხა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე : ჩვენ ვგლოვობთ იტალიის მოსახლეობასთან ერთად