“საქართველოს მთავრობამ, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის საუკეთესო პირობები უზრუნველყო”

მიხეილ ჯანელიძე

საგარეო საქმეთა მინისტრ, მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, საქართველოს მთავრობამ, ქვეყნის უწყვეტი გაზმომარაგებისთვის და ენერგოუსაფრთხოებისთვის საუკეთესო პირობები უზრუნველყო.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს სტაბილური გაზმომარაგებისთვის, ხელისუფლებამ წარმატებული მოლაპარაკებები აწარმოა, რამაც სასურველი შედეგი გამოიღო.

“საქართველოს მთავრობის მიზანია, უზრუნველყოს ქვეყნის უწყვეტი და სტაბილური გაზმომარაგება, რასაც პრობლემა შეექმნა ქვეყანაში გაზრდილი მოხმარების გამო ბოლო პერიოდის განმავლობაში. ამ მიზნის მისაღწევად, საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებულმა ღია და ხანგრძლივმა მოლაპარაკებებმა სასურველი შედეგი გამოიღო. ჩვენს მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ, აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად, გამოინახა დამატებითი საშუალებები საქართველოსთვის ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მოწოდებისთვის და დეფიციტის შესავსებად, კარგი პირობებით. ამ საკითხზე საბოლოო შეთანხმება უკვე შედგა, რაც პირადი ხელმოწერებით დაადასტურეს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა და კომპანია „სოკარის“ პრეზიდენტმა გასულ კვირას”,-განაცხადა ჯანელიძემ.

რაც შეეხება კომპანია „გაზპრომს“, ჯანელიძის თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რუსეთიდან სომხეთში საქართველოს მფლობელობაში არსებული ინფრასტრუქტურით, ტრანზიტის ხელშეკრულების გაგრძელების პირობების შესახებ, რაც ჩვეულებრივად ყოველი წლის ბოლოს ხდება.

“კომპანია „სოკართან“ მიღწეული შეთანხმებიდან გამომდინარე, აღარ დგას „გაზპრომ ექსპორტი“-დან დამატებითი მოცულობების შესყიდვის საჭიროება. შესაბამისად, ტრანზიტის ხელშეკრულების არსებული პირობებით გაგრძელების შესახებაც შედგა შეთანხმება და მას ხელი უახლოეს დღეებში მოეწერება. საქართველო, სომხეთში ტრანსპორტირებული ბუნებრივი აირის საფასურს კვლავ ნედლეულის სახით მიიღებს და „გაზპრომ ექსპორტისგან“ დამატებითი მოცულობების შესყიდვის საჭიროების საკითხიც მოხსნილია. მიღწეული შეთანხმებების შედეგად, საქართველოს მთავრობამ, ქვეყნის უწყვეტი გაზმომარაგებისთვის და ენერგოუსაფრთხოებისთვის საუკეთესო პირობები უზრუნველყო”-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშიმაკა ასათიანს აინტერესებს, რომელი მისამართიდან აპირებს ლევან გაჩეჩილაძე “მაესტროს” მართვას
შემდეგი სტატიააფეთქება ქუთაისში – ერთერთ საბანკეტო დარბაზში აფეთქებისას 4 ადამიანი დაშავდა