საქართველოს მთავრობა ეკონომიკის ანტიკრიზისული გეგმის პროექტს დღეს წარადგენს

საქართველოს ხელისუფლება ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებულ ნაბიჯებს დღეს წარადგენს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებული ღონისძიებები მოიცავს მიზნობრივი სოციალური დახმარების ანტიკრიზისულ გეგმას, ასევე ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისულ გეგმას.

ამასთან, დღეს წარდგენილი იქნება შეზღუდვების თანმიმდევრული, ეტაპობრივი შემსუბუქების, ე.წ. ეკონომიკის გახსნის გეგმა.

„ხელისუფლება, ეპიდემიასთან ბრძოლის პარალელურად, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს ეკონომიკის ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომლის წარმოდგენაც ეტაპობრივად დაიწყო. პირველ ეტაპზე გატარდა აუცილებელი ზომები, მათ შორის – სამი თვის კომუნალური გადასახადების დაფარვა მოსახლეობისთვის; ცხრა მთავარ სასურსათო პროდუქტზე ფასების დაზღვევა, რომ ეს პროდუქტები არ გაძვირებულიყო; ბიზნესს დაუწესდა საგადასახადო შეღავათები; სამი თვით გადაუვადდათ სესხების მომსახურება მოქალაქეებს და ბიზნესს. შემდეგი ეტაპი იყო ქვეყნის ეკონომიკისთვის 3 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ფინანსური რესურსის მოზიდვა საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორებისგან, რაც მთავრობის უპრეცედენტო მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი.

ხელისუფლება ასეთივე თანმიმდევრული იქნება პოსტკრიზისული გეგმის შემუშავებისა და ეკონომიკური ცხოვრების ეტაპობრივი გააქტიურების პროცესში, რათა გლობალური პანდემიით გამოწვეული ზიანი მინიმუმამდე შემცირდეს“, – აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძე: მთავრობამ რაღაც მეექვსე გრძნობით უნდა იგრძნოს, რომ ეს მომენტი დადგა, რომ შეზღუდვები შეამსუბუქოს
შემდეგი სტატიასოფელ ღვანკითის სასურსათო მაღაზიებში დღეიდან საბანკო ტერმინალები ამოქმედდება