სოფელ ღვანკითის სასურსათო მაღაზიებში დღეიდან საბანკო ტერმინალები ამოქმედდება

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში კორონავირუსის ათ დადასტურებულ შემთხვევას ორი სავარაუდო დადებითი დაემატა, – ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ანალიზების შედეგები გვიან ღამით გახდა ცნობილი – ეპიდემიოლოგების მიერ გაკეთებული 18 ანალიზიდან, ორი სავარაუდოდ, დადებითია.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, თერმოსკრინინგი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სოფლის ყველა მცხოვრები არ შემოწმდება. ეპიდემიოლოგები მუშაობას რამდენიმე საათში განაახლებენ.

ამ დროისთვის სოფელში თერმოსკრინიგი 726 ადამიანს ჩაუტარდა. რაც შეეხება სასურსათო მაღაზიებს, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, მოლაპარაკებები შედგა სასურსათო მაღაზიების მფლობელებსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შორის და ისინი რამდენიმე საათში გაიხსნება, რომლებსაც დისტრიბუცია შეუფერხებლად მოამარაგებს.

„ასევე გადაწყვეტილია აფთიაქებთან დაკავშირებული საკითხი და მოსახლეობა მედიკამენტებით უზრუნველყოფილი იქნება. ამასთან, ვირუსის კიდევ უფრო გავრცელება რომ არ მოხდეს, სახელმწიფო რწმუნებული საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და გადაწყდა, რომ დღეიდან ღვანკითში სასურსათო მაღაზიებში საბანკო ტერმინალები ამოქმედდება“,- აცხადებენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურში.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი 23 აპრილის 06:00 საათიდან ჩაიკეტა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მთავრობა ეკონომიკის ანტიკრიზისული გეგმის პროექტს დღეს წარადგენს
შემდეგი სტატიაზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს