თენგიზ ცერცვაძე: მთავრობამ რაღაც მეექვსე გრძნობით უნდა იგრძნოს, რომ ეს მომენტი დადგა, რომ შეზღუდვები შეამსუბუქოს

მოდის აპრილის ბოლო, როდესაც პიკს ვუახლოვდებით და არის იმის წინაპირობაც, რომ ეს პიკი როგორმე არ იყოს ძალიან ციცაბო და იყოს პლატო, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“.

„მე დავესესხები ჩემი კოლეგის, ბატონი დავით გადელიას ნათქვამს, რომ ეს პიკი როგორმე არ იყოს ძალიან ციცაბო და იყოს პლატო. არის ამის წინაპირობაც, შემდეგ – დაახლოებით, ორი-სამკვირიანი პლატო და შემდეგ დაღმასვლა. დღეს ეს სავსებით რეალურია“, – განაცხადა ცერცვაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ 22 მაისის შემდეგ შესაძლოა, ქვეყანაში დადგეს ის რეალობა, როცა საგანგებო მდგომარეობა მოიხსნება, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ეს შესაძლებელია, მაგრამ გარანტიების მოცემა არავის შეუძლია, რომ ეპიდსურათი აუცილებლად კარგი იქნება.

„როდესაც ევროპის წამყვან ქვეყნებში საგანგებო მდგომარეობების მოხსნა ცოტა დროზე ადრე დააპირეს, ეპიდემიამ მაშინვე მოახდინა რეაგირება იმით, რომ მატება დაიწყო. ეს მოხდა ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთში და ინგლისში. ამიტომ, ჩვენ, ყველამ, პირველ რიგში, მთავრობამ უნდა დავიჭიროთ ის მომენტი, როდესაც შეზღუდვების შემსუბუქება შეიძლება. მთავრობამ რაღაც მეექვსე გრძნობით უნდა იგრძნოს, რომ ეს მომენტი დადგა, რომ შეზღუდვები შეამსუბუქოს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ხუნდაძე რეგულაციასთან დაკავშირებით მორიგ განმარტებას აკეთებს
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავრობა ეკონომიკის ანტიკრიზისული გეგმის პროექტს დღეს წარადგენს