საქართველო ნატოსთან გაცილებით უფრო ახლოსაა, ვიდრე მანამდე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 21, 2018 22:08

საქართველო ნატოსთან გაცილებით უფრო ახლოსაა, ვიდრე მანამდე

“საქართველო ნატოსთან გაცილებით უფრო ახლოსაა, ვიდრე მანამდე” – ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გიოტმიოლერმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო საუკეთესო ფორმას ინარჩუნებს ნატოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით, რასაც მოწმობს ივლისის სამიტზე ალიანსის ლიდერების მიერ კიდევ ერთხელ გაკეთებული განცხადება, რომ საქართველო, ნატოს ბუქარესტის სამიტის 2008 წლის გადაწყვეტილების შესაბამისად, ნატოს წევრი გახდება.

როუზ გიოტმიოლერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ალიანსის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. „ 10 წლის განმავლობაში საქართველო ასრულებდა ცენტრალურ როლს პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებისა და ნატოსა და ქართველოს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით“ – განაცხადა გენერალური მდივნის მოადგილემ.

მისი თქმით, საქართველო, როგორც ალიანსის საიმედო პარტნიორი, ხელს უწყობს ევროატლანტიკურ სტაბილურობას და ის ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. როუზ გიოტმიოლერმა შეშფოთება გამოთქვა შავი ზღვის რეგიონში რუსული მილიტარიზაციის პროცესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქართველოს ჩართულობა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისითაც უმნიშვნელოვანესი იქნება.

გენერალური მდივნის მოადგილემ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, მისი თქმით, „ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, რაც მოიცავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს ჯარები ქვეყნის ტერიტორიიდან“ – აღნიშნა მან.

როგორც როუზ გიოტმიოლერმა განაცხადა, ნატო აფასებს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ რეფორმების კუთხით მიაღწია, მათ შორის ეკონომიკური განვითარების, უფრო ეფექტიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტების შექმნისა და შეიარაღებული ძალების მოდერნიზების სფეროში. მისი თქმით, ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტმა უკვე მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ნატო-საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას.

„მე მოგიწოდებთ გააგრძელოთ სვლა ამ გზაზე, რომელიც ალიანსის წევრობისკენ მიჰყავხართ. ნატო კი, თავის მხრივ, კვლავ დაეხმარება საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის მომზადების პროცესში“ – განაცხადა როუზ გიოტმიოლერმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 21, 2018 22:08

Google სტატისტიკა


2,765
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics