„საქართველო ევროპული არჩევანისთვის იქნა დასჯილი თავისი ჩრდილოელი მეზობლის მიერ“

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ მედიის თავისუფლების დაცვა ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა და თქვა, რომ რუსთავი 2-ს არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ ყველა პოლიტიკოსის მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს. „მედიის თავისუფლების ნაწილში თქვენ არა მხოლოდ არჩეული პრეზიდენტის იმედი უნდა გქონდეთ, არამედ ყველა პოლიტიკოსის იმედი უნდა გქონდეთ და სხვათა შორის აქტიურად უნდა მუშაობდეთ ამ იმედის მოსაპოვებლად,“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. საქართველოს პრეზიდენტის თქმით ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა. მიუხედავად იმისა მოსწონს თუ არა ის. „თუ თქვენ განცდა გაქვთ, რომ თქვენი უფლებები ილახება, გარწმუნებთ, რომ ქართული სასამართლო მივა იმ გადაწყვეტილებამდე, რომელიც ჩემის ღრმა რწმენით იქნება სამართლიანი,“ - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები რეალურად დგანან ტერიტორიული მთლიანობის და უსაფრთხოების საკითხების წინაშე.

როგორც პრეზიდენტმა ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან, დიპლომატიურ კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, საქართველო თავიდანვე პასუხისმგებლიანი იყო გლობალური სტაბილურობის საკითხებში, რაც გამოიხატება იმით, რომ შეიარაღებული ძალები, სამხედროები ყველა იმ უმნიშვნელოვანეს მისიებში იყო ჩართული, რომელიც ხორციელდებოდა ევროპელი და ევროატლანტიური პარტნიორების ეგიდით.

„შავი ზღვის უმნიშვნელოვანესი ქვეყნები, ისეთი როგორიცაა უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, ქვეყნები, რომლებიც არიან “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნები, რეალურად დგანან ტერიტორიული მთლიანობის და უსაფრთხოების საკითხების წინაშე, ესაა მათი რეალური გამოწვევა, რომელიც მოდის რუსეთიდან. გამოწვევა, რომელიც ეფუძნება რუსეთის პოლიტიკას, პრივილეგირებული ინტერესის სფეროები გაავრცელოს თავის სამეზობლოში და საქართველო ამ თვალსაზრისით იყო ის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც თავისი თავისუფალი, ევროპული არჩევანისთვის იქნა დასჯილი თავისი ჩრდილოელი მეზობლის მიერ. ჩვენი ქვეყანა თავიდანვე იყო ძალიან პასუხისმგებლიანი იმ საკითხებში, რაც ეხებოდა გლობალურ სტაბილურობას, უსაფრთხოებას და თავიდანვე ჩვენი შეიარაღებული ძალები, სამხედროები იყვნენ ჩართული ფაქტობრივად ყველა იმ უმნიშვნელოვანეს მისიებში, რომელიც ხორციელდებოდა ჩვენი ევროპელი და ევროატლანტიკური პარტნიორების ეგიდით. ეს პასუხისმგებლობა ნათლად თანმიმდევრულია და დაიწყო საქართველოს დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან. ამ პასუხისმგებლობას, ვალდებულებას საქართველო დღესაც ახორციელებს და აქტიურად ავითარებს თავის პოლიტიკას გლობალური უსაფრთხოებისა და პასუხისგებლიანი მოთამაშის თვალსაზირით. მიუხედავად იმ სირთულეებისა და რთული გარემოსი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, იმ სირთულეებისგან რომელიც სულ უფრო და უფრო აქტიურდება და სამწუხაროდ ჩვენი საარსებო გარემო და არეალი არ გამხდარა უფრო მშვიდი, ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ტრაგიკული ტერორისტული აქტები, რომელიც განხორციელდა საფრანგეთში და არა მხოლოდ იქ. მიუხედავად ამ სირთულეებისა, რომელიც საქართველოს აქვს და ამ გამოწვევების, ჩვენ აქტიურად ვაშენებთ ევროპულ სახელმწიფოს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი მედიას მიმართავს
შემდეგი სტატია2016 წლის ბიუჯეტი 10 მილიარდ 145 მილიონი ლარი იქნება