“საქართველო-ევროკავშირის დაახლოებით სარგებელს მიიღებს არა მხოლოდ საქართველო, არამედ ევროკავშირიც”

ავსტრიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ვენის დიპლომატიურ აკადემიას ეწვია.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ვენის დიპლომატიურ აკადემიაში მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრები გამართა ევროპისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ავსტრიის ინსტიტუტის პრეზიდენტთან ვერნერ ფასლაბენდთან და ვენის დიპლომატიური აკადემიის რექტორთან ჰანს ვინკლერთან. ასევე წარსდგა მოსხენებით თემაზე – “საქართველოს ევროპული ინტეგრაცია: ევროკავშირთან ასოცირებული პარტნიორის მიღწევები და გამოწვევები”.

საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე. ამის ნათელი მაგალითად კი მოიყვანა ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოში ავსტრიის საელჩოს გახსნის შესახებ, რაც მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება.

მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტოს საქმიანობა, რომელიც ხელს უწყობს მრავალი პროექტის განხორციელებას სავაჭრო, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, კულტურისა და განათლების სფეროში.

ვენის დიპლომატიურ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჯანელიძემ ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების შესახებ.

“საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ეს არის ერთადერი გზა ქვეყნის მდგრადი განვითარებისკენ. ევროპულ ოჯახთან დაახლოება, ეს ქართველი ხალხის არჩევანია და ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის და მთლიანი რეგიონის დემოკრატიის, თავდაცვის და მშვიდობის გარანტი,”- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების მნიშვნელობაზე და აღნიშნა ამ პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, რაც ევროკომისიის დასკვნითაც დადასტურდა.

“ჩვენ ველოდებით ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილებას ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების შესახებ. მინდა აღვნიშნო რომ, საქართველოსთან დაახლოებით სარგებელს მიიღებს არა მხოლოდ საქართველო, არამედ ევროკავშირიც,“ – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

მისი თქმით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მიღწევა, ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგის ამოსავალი წერტილია.
მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებაზე და ხაზი გაუსვა რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცოცავ ოკუპაციის პოლიტიკას.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ავსტრიის რესპუბლიკას საქართველოს ტერიტორული მთლიანობისა და ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წელს, ავსტრიის ეუთო-ს თავმჯდომარეობა კიდევ უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას.
ღონისძიებას, რომელიც ევროპისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ავსტრიის ინსტიტუტისა და ავსტრიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა, ავსტრიის ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

2016 წლის 1-3 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან სებასტიან კურცთან და ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ლამბერტო ზანიერთან. მინისტრი ასევე მონაწილეობას მიიღებს ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომის მუშაობაში, სადაც დაგეგმილია მიხეილ ჯანელიძის სიტყვით გამოსვლა.

banner
წინა სტატიაშიდღეს პოლიციელის დღეა – საზეიმო ღონისძიება შსს-ში დილის 11 საათიდან დაიწყება
შემდეგი სტატია“არანაირი სპეცდაჯგუფებები არ არსებობს”- დიმიტრი ქუმსიშვილი პრეზიდენტის განცხადებაზე