“არანაირი სპეცდაჯგუფებები არ არსებობს”- დიმიტრი ქუმსიშვილი პრეზიდენტის განცხადებაზე

არანაირი სპეცდაჯგუფებები არ არსებობს და არც არავინ ფიქრობს, რომ რაიმე ტიპის სპეცდაჯგუფება შეიქმნას, – ასე ეხმაურება ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი პრეზიდენტის მოსაზრებას, რომელიც მან კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით დააფიქსირა.

„მე პრეზიდენტის ეჭვებზე ვერაფერს ვიტყვი. შემიძლია მოგახსენოთ ინფორმაცია, რომელიც მე მაქვს – არანაირი სპეცდაჯგუფებები არ არსებობს და არც არავინ ფიქრობს, რომ რაიმე ტიპის სპეცდაჯგუფება შეიქმნას“, – განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ”კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებული სიჩუმე, რომელიც ესმის სამართალდამცველი ორგანოებიდან და შესაბამისი სტრუქტურებიდან , რომლებსაც ამაზე სამაგალითო რეაქცია უნდა გაკეთებინათ, უკვე დამაფიქრებელია”.

”კორცხელი იყო რეპეტიცია 2016 წლის არჩევნების. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები არის ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი გამოწვევა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს თავისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და როგორც ქვეყანას, რომელიც დემოკრატიას აშენებს. ამ რეპეტიციის მიმართ სამაგალითო პოზიცია და რეაქცია უნდა ყოფილიყო. ასე რომ, ის ხმაური, რომელიც არის როგორც საზოგადოებაში, ასევე პოლიტიკოსებების მხრიდან, არის სრულიად ბუნებრივი, მაგრამ სიჩუმე, რომელსაც ჩვენ ვისმენთ სამართალდამცველებისგან, არის არაბუნებრივი და შემაშფოთებელი”, – განაცხადა მარგველაშვილმა გუშინ აჭარის ტელევიზიის ეთერში.

პრეზიდენტის თქმით, როდესაც ამ პროცესებს აკვირდება, უჩნდება ეჭვი, რომ მმართველ კოალიციაში არის გარკვეული მოძველბიჭო დაჯგუფება, რომელიც ასე უყურებს ამ პროცესებს.

”ეს თავქარიანი, მოძველბიჭო დაჯგუფება, რომელმაც წარმატებით გადმოიბარა ”ნაციონალური მოძრაობისგან” როგორც ”ზონდერული” პოლიტიკა, ასევე მთელი მექანიზმები, რომელიც ამ პარტიას ჰქონდა და რომელსაც ძალიან ნათელი უარი ვუთხარით ოთხი წლის წინ, ასე უყურებს პოლიტიკას და პოლიტიკურ ცხოვრებას საქართველოში. მათ ”ნაციონალების” მიერ შექმნილი რაღაცა ძალადობრივი სისტემა გადმოიფორმეს და ახლა ეს რაღაც დაჯგუფება საქართველოს სთავაზობს, რომ ასე წარმართავს პოლიტიკას. ძალიან ნათლად ქართულმა საზოგადოებამ ”ნაციონალურ მოძრაობას” სწორედ ამ ძალადობის გამო უარი უთხრა და გაუშვა ხელისუფლებიდან. არავის ეგონოს, რომ ისინი შეძლებენ იგივე მექანიზმებით თავს მოახვიონ საზოგადოებას რაიმე ტიპის გადაწყვეტილება”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“საქართველო-ევროკავშირის დაახლოებით სარგებელს მიიღებს არა მხოლოდ საქართველო, არამედ ევროკავშირიც”
შემდეგი სტატია”საგადასახადო კოდექსში” ცვლილებების შესახებ კანონი ძალაში შევიდა