საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა კვორუმის უქონლობის გამო არ გაიმართა

დღეისთვის დანიშნული საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, წინა სხდომის მსგავსად, კვორუმის უქონლობის გამო კვლავ ვერ გაიმართა. სხდომის დღის წესრიგში ორი საკითხი იყო: არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის ინიციატივით „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით საინიციატივო ჯგუფის (ნ. ბურჯანაძე, მ. აჩბა, ბ. ბაკურაძე, გ. ახვლედიანი, დ. ლორთქიფანიძე, ლ. ჩქარეული, გრ. ბარამიძე, ბ. დანელია, ბ. პეტრიაშვილი, თ. ზურაშვილი) რეგისტრაციაში გატარების თაობაზე განცხადების განხილვა და საქართველოს პარლამენტის წევრ როლანდ ახალაიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე საკითხის განხილვა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა შემდეგი განმარტება გააკეთა: „კომიტეტის სხდომები პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად იყო მოწვეული, თუმცა, სამწუხაროდ, კვორუმის არარსებობის გამო ვერ ჩატარდა. მე ამას ვუკავშირებ პირველ რიგში იმას, რომ არის საპარლამენტო არდადეგების პერიოდი და, იმავდროულად, წინასაარჩევნო კამპანია და დეპუტატები აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში. გარდა ამისა, კომიტეტის ზოგიერთი წევრი ღიად აფიქსირებს თავის პოზიციას, რომ ისინი მხარს არ უჭერენ პოლიტიკური თვალსაზრისით „უბლოკო სტატუსთან“ დაკავშირებით რაიმე ცვლილების განხორციელებას”.

„გამომდინარე ამ რეალობიდან, ვფიქრობ, რომ საშემოდგომო სესიამდე კომიტეტის სხდომის მოწვევას უბრალოდ აზრი აქვს დაკარგული. საშემოდგომო სესიაზე, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მივიღებ გადაწყვეტილებას კომიტეტის სხდომის მოწვევის თაობაზე“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

banner
წინა სტატიაშისაოკუპაციო ხაზთან მდებრე სოფელ ტყვიავში სამედიცინო დახმარების კლინიკა შენდება
შემდეგი სტატიარამდენიმე დღის წინ „კანონიერი ქურდი“ ლაშა ბარათელი, იგივე „ჭია“ დააკავეს