საპრეზიდენტო არჩევნებისთვის შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაციები გამოსცა

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიამ 5 ოქტომბრის სხდომაზე რეკომენდაციები გამოსცა. აკისრია რა პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარებას, მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმად თვლის 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის, 2016 წლის საპარლამენტო და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში მის მიერ გამოცემულ რეკომენდაციებს, და მიმართავს:

1.არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო სუბიექტებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს:

ა) პოლიტიკურმა პარტიებმა გასცენ მკაფიო მითითება, რომ მათმა აქტივისტებმა თავი შეიკავონ კონკურენტი პოლიტიკური პარტიის თუ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი კანდიდატების წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრებისაგან კონტრაგიტაციის, შეფასებების გაკეთების თუ სიტყვით გამოსვლის მიზნით, მათ შორის, წარმოდგენილ კანდიდატებთან მიმართებით გამოხატული სიძულვილის ენის გამოყენებისა და სიტყვიერი შეურაცხყოფისგან, რათა გამოირიცხოს პოლიტიკურ ნიადაგზე, თუნდაც, სიტყვიერი დაპირისპირება, და კანდიდატებმა შეფერხების გარეშე შეძლონ ამომრჩეველთან კონტაქტი.

ბ) პოლიტიკურმა პარტიებმა გასცენ მკაფიო მითითება იმის შესახებ, რომ მათ აქტივისტებს/წარმომადგენლებს კატეგორიულად ეკრძალებათ კონკურენტი პარტიის სააგიტაციო მასალის დაზიანება ან განთავსებაში ხელის შეშლა. აუცილებელია, მსგავსი ხასიათის დარღვევების გამოვლენისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა დროულად და ეფექტიანად გაატარონ საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

გ) იმისათვის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ყველა კანდიდატი უზრუნველყოფილ იქნეს, თანაბარი პირობებით განათავსონ ბეჭდური სააგიტაციო მასალა, პოლიტიკურმა პარტიებმა თბილისის მასშტაბით იმოქმედონ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის №16-38 დადგენილებით განსაზღვრული წესების შესაბამისად, რომლის თანახმადაც, სააგიტაციო მასალისათვის გათვალისწინებულ სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, გააკრას 1 ცალი საარჩევნო პლაკატი ზომით არაუმეტეს სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი).

დ) ადგილობრივ დონეზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციებით დაწესებული ვალდებულებები და მათ შესრულებაზე კონტროლი, რათა ადგილობრივ დონეზე თანაბარი პირობებით შეძლონ პოლიტიკურმა პარტიებმა და საარჩევნო სუბიექტებმა მათი კანდიდატების სააგიტაციო მასალის განთავსება.

banner
წინა სტატიაშიზვიად აბაშიძე: ამ არჩევნებით საქართველო კიდევ ერთი ტესტის წარმატებით ჩაბარებას მოახერხებს
შემდეგი სტატიასაქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებს NDI და IRI აქტიურად დააკვირდებიან