,,საპარლამენტო უმრავლესობა კეთილს ინებებს და სხდომათა დარბაზში უსიამოვნო შეფასებების მოსმენას შეეგუება”

საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ცენზურის დაწესება არ მოხდება, ისინი კეთილს ინებებენ და სხდომათა დარბაზში უსიამოვნო შეფასებების მოსმენას შეეგუებიან – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომელიც დღევანდელ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

ბოკერიას თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მათთვის მიუღებელი გამოსვლების ატანა არ შეუძლიათ და საპარლამენტო ცხოვრებისთვის შეუფერებლად იქცევიან.

„ქუჩურ გარჩევებს აწყობენ. ბევრნი არიან და მიაჩნიათ, რომ ეს მათი ძალაა. ამით ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სახე ჩანს. ეს ცუდია პარლამენტარიზმისთვის, დემოკრატიისა და პოლიტიკის აღქმისთვის, თუმცა ეს სამწუხარო რეალობაა. დარბაზში მოუწევთ, იმ აზრების მოსმენა, რაც მათთვის უსიამოვნოა. ზოგჯერ ემოციური ფონით, რადგან პოლიტიკური ლიდერები გამოხატვის სხვადასხვა ფორმით გამოირჩევიან. დემოკრატია იმის ატანაა, რაც არ მოგწონს”, – აცხადებს ბოკერია.

დეპუტატის თქმით, ნიკა მელია როგორი პოლიტიკოსი და დეპუტატია, ეს ამომრჩეველმა უნდა შეაფასოს და არა საპარლამენტო უმრავლესობამ.

„როცა შინაარსი არ მოგწონს და ფიზიკურ გაქაჩვას იწყებ და კრიმინალური ინსტიქტების დემონსტრირებას ახდენ, ეს არის დემოკრატიასთან შეუფერებელი საქციელი. ამომრჩეველს აცადონ შეფასება, მელია კარგად გამოვიდა თუ ცუდად და როგორი მანერები აქვს”, – დასძინა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაში“სიძულვილის ჭიდილიდან ვერ გამოვიდა ქვეყანა” – “საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის” წარმომადგენლები პოლიტიკურ ექსპერტებს შეხვდნენ
შემდეგი სტატია2019 წელს ადამიანური რესურსების განვითარების მიზნით 1.8 მლრდ ლარზე მეტია გათვალისწინებული