საპარლამენტო კომიტეტებში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობა დღესაც გაგრძელდება

საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციაში, ოპოზიციურ ჯგუფებში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა გრძელდება. ორშაბათს კი, დეპუტატები პლენარულ სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე გადაწყვეტილებას მიიღებენ.

დღეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება. სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ ნდობის მისაღებად წარდგენილი მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის 2021-2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ განხილვა იგეგმება.

მოგვიანებით შედგება ასევე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივი სხდომა. ამ სხდომაზეც პრემიერობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი მთავრობის შემადგენლობის განხილვა იგეგმება.

გუშინ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელეს საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე. ასევე, გაიმართა ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომაც. კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე დეპუტატებმა წარდგენილ სამთავრობო პროგრამასა და მინისტრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა ორი დღის წინ დაასახელა. მთავრობის შემადგენლობაში მხოლოდ ორი ცვლილებაა: თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი კი ირაკლი ქარსელაძე იქნება.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა გაიმართება
შემდეგი სტატიააშშ-ის საელჩო – თქვენ უნდა იამაყოთ ამ დღით და ყველაფრით, რაც ქართველმა ხალხმა შექმნა ბოლო 100 წლის განმავლობაში