სამნიძე: მჯერა, ამ დოკუმენტის ხელმოწერით შევძლებთ, დამთავრდეს მტრობა

“მჯერა, რომ ამ დოკუმენტის ხელმოწერით ჩვენ შევძლებთ, დავასრულოთ პოლიტიკური დევნა, შევძლებთ, ვითანამშრომლოთ, დამთავრდეს მტრობა ქართულ პოლიტიკაში, დამთავრდეს დაპირისპირება და განცდა, რომ შავ-თეთრია ეს ქვეყანა”, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, ხათუნა სამნიძემ შარლ მიშელის მიერ წარდგენილი დოკუმენტის ხელმოწერისას განაცხადა.

სამნიძემ ფასილიტატორ ელჩებსა და მედიატორებს მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო მასპინძლობისთვის. პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს, ამ ქვეყნის დიდ გულშემატკივრებს, რომლებმაც ძალიან ბევრი დრო და გული ჩადეს ამ პროცესში-ქალბატონ დეგნანს და ბატონ ჰარცელს, ასევე პრეზიდენტ მიშელს, რომელიც არ მოეშვა ამ პროცესს მიუხედავად წარუმატებლად დამთავრებული რამდენიმე რაუნდისა და არაერთხელ განაცხადა, რომ ეს ქვეყანა არის ევროპული, ამ ქვეყანას აქვს გაკეთებული არჩევანი და ჩვენ გვერდში დავუდგებით, ვიდრე არ შევძლებთ ამ კრიტიკული ვითარებიდან ქვეყნის გამოყვანას. მე მჯერა, რომ ამ დოკუმენტის ხელმოწერით ჩვენ შევძლებთ დავასრულოთ პოლიტიკური დევნა, შევძლებთ, ვითანამშრომლოთ, დამთავრდეს მტრობა ქართულ პოლიტიკაში, დამთავრდეს დაპირისპირება და განცდა, რომ შავ-თეთრია ეს ქვეყანა. ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერია ამ დოკუმენტში, სხვა ფუნდამენტურ საკითხებთან ერთად, რომელიც ეხება პროპორციულ სისტემას და დაბალ ბარიერს ისე, რომ მომავალ პარლამენტში და ყოველთვის ამიერიდან თითოეული მოქალაქის ხმა იყოს ასახული პარლამენტში, გვქონდეს მრავალპარტიული პარლამენტი, ანუ ევროპული პარლამენტი და შევძლოთ ვითანამშრომლოთ მომავალში ისევ და ისევ მტრობის და დაპირისპირების გარეშე. სხვა ალტერნატივა არ არსებობს ჩემი აზრით, სწორედ ამიტომ, ხელს ვაწერ ამ დოკუმენტს“, – განაცხადა სამნიძემ.

მისივე თქმით, ევროპელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა არ დაიშურეს არაფერი, რომ მხარეები შეთანხმებამდე მისულიყვნენ.

„მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს კოლეგებს ოპოზიციური პარტიებიდან. ეს იყო ძალიან მტკივნეული და რთული პროცესი, ეს პროცესი არ დასრულებულა, ჯერ კიდევ ველოდებით სხვა წევრებს, ვისაც მანდატი აქვს, რომ შემოუერთდნენ ამ პროცესს და ამით გავაგრძელოთ ერთად მუშაობა იმ საკითხებზე, რომელიც ამ დოკუმენტშია ასახული, რომელიც შემოგვთავაზა პრეზიდენტმა მიშელმა ჩვენი, ყველას მოთხოვნების გათვალისწინებით, კომპრომისით და ამ პროცესში კიდევ ერთხელ დავადასტურებ, მიუხედავად ძალიან გრძელი პროცესისა, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ევროპული სახელმწიფო, შეგვიძლია კომპრომისებით მივაღწიოთ შეთანხმებას და შეგვიძლია იმედი გავუჩინოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც უკვე დიდი ხანია ელოდებიან, რომ გადავჭრით ამ პრობლემას, ვითანამშრომლებთ მომავალში და შევთანხმდებით“, – განაცხადა სამნიძემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიპოლიციამ გორის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
შემდეგი სტატიაევროპული საბჭოს პრეზიდენტი ხვალ საქართველოში ჩამოვა