სამხარაულის ბიუროს დასკვნით, ათი ბავშვიდან ოთხი იური და იულია სუსლიაკების საერთო შვილია, ექვსი კი – იური სუსლიაკის – ადვოკატი

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული 37 წლის იულია სუსლიაკის ადვოკატი ზურაბ თოდუა სასამართლოსგან მისი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვს. ზურაბ თოდუამ შესაბამისი შუამდგომლობა უკვე შეიტანა. სუსლიაკის საქმეზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიურომ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გასცა.

ადვოკატის განცხადებით, რომ მისი მოთხოვნა ექსპერტიზის დასკვნას ემყარება. ადვოკატს ხელთ აქვს სამხარულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ 10 ბავშვიდან ოთხი იური და იულია სუსლიაკების საერთო შვილია, ექვსი კი – იური სუსლიაკის.

ადვოკატის ინფორმაციით, საქართველოში იმყოფებიან იულია და იური სუსლიაკის მშობლები, რომლებიც ბავშვების უკრაინაში წაყვანას ითხოვენ. მათთან ერთად იმყოფება უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი, რომელმაც პროკურატურაში შეხვედრა უკვე გამართა.

„აღკვეთის ღონისძიება სრულიად მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. ჩემ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები ადასტურებს იულია სუსლიაკის უდანაშაულობას. ვფიქრობ, სასამართლო დღეს მაინც იქნება ობიექტური და მიუკერძოებელი და დაიკავებს იმ პოზიციას, რასაც ევროპული სასამართლო უნდა აკეთებდეს. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დასტურდება, რომ იულია სუსლიაკი ოთხი ბავშვის ბიოლოგიური დედაა, რასაც ამბობდა ჩვენებაში, ხოლო დანარჩენი ექვსი ბავშვის ბიოლოგიური მამა არის იური სუსლიაკი, ეს ბავშვები და-ძმანი არიან. ანუ არავითარი ყიდვა-გაყიდვა არ მომხდარა.

გამოძიება უნდა დაიწყოს იმ პროკურორის მიმართ, რომელმაც ეს სისულელე მოიგონა. 22 მაისს, კიევში გამგზავრებამდე მე შევიტანე გენერალური პროკურორის სახელზე სათანადო საჩივარი იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, გენერალურ პროკურატურაში, შსს-ში და სასამართლოში იყვნენ თანამდებობის პირები, რომლებიც დაინტერესებული არიან ამ საქმის გამამტყუნებელი განაჩენით, რომ შემდეგში თვითონ გადაწყვიტონ ბავშვების ბედი“, – აცხადებს ადვოკატი.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლეების კანდიდატთა სია კონფლიქტის მიზეზი კიდევ ერთხელ გახდა
შემდეგი სტატიამირზა სუბელიანმა ფარულ ჩანაწერში ხორავას ქუჩის საქმეზე რაც თქვა, ჭეშმარიტებაა – კალანდიას სკანდალური განცხადება