მოსამართლეების კანდიდატთა სია კონფლიქტის მიზეზი კიდევ ერთხელ გახდა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა 144 კაციანი სია, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაპირისპირების მიზეზი უკვე გახდა. ცოტა ხნის წინ, საგანგებო ბრიფინგზე საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რაც მოსამართლეობის მსურველთა კანდიდატად დარეგისტრირების პროცესში დაიწყო. ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე ამბობენ, რომ იუსტიციის საბჭომ, სასურველი კანდიდატების გასაყვანად, ახალი თამაში წამოიწყო. საქმე ეხება საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის დოკუმენტაციას, რომელმაც, როგორც ირკვევა განაცხადი დარღვევებით დაარეგისტრირა. ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, მიქაუტაძემ წარადგინა ორი რეკომენდაცია სამის ნაცვლად. იმისთვის, რომ მან შეძლოს დოკუმენტების დამატება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ურეკავენ სხვა განმცხადებლებს და სთხოვენ დამატებითი დოკუმენტების წარდგენას და ამ ფორმით ქმნიან პრეცედენტს მიქაუტაძისთვის.

„ყურადღებას გავამახვილებ გიორგი მიქაუტაძის განაცხადთან დაკავშირებით. თქვენ მოგეხსენებათ, რომ მას აქვს დარღვევით შედგენილი განაცხადის ფორმა – სამი რეკომენდატორის ნაცვლად მიუთითა ორი რეკომენდატორი. ორი დღის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ურეკავენ განმცხადებლებს და სთხოვენ, დამატებითი დოკუმენტების წარდგენას. ვიმეორებ, მსგავსი პროცედურები არ არის დადგენილი კანონმდებლობით. მოვუწოდებ ყველას, ვინც ამ პროცედურებში მონაწილეობს და განმცხადებლებს განსაკუთრებით, რომ არ ჩაერთონ მიქაუტაძის უკანონო თამაშში და იმისათვის, რომ მიქაუტაძის შეუვსებელი ან ხარვეზით შევსებული განაცხადი ჩაითვალოს მიზანშეწონილად და მოუძებნონ ამას გამართლება არ ჩაერთონ ამ პროცესში და არ აჰყვნენ მის უკანონო პროცედურებს,“-განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ისაუბრეს უკავშირდება ერთ-ერთ განმცხადებელს ზურაბ აზნაურაშვილს და მის რძალს. თამარ ონიანი ამ დროისთვის იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრია. ანა დოლიძის განცხადებით, თუ თამარ ონიანი კანდიდატების შერჩევის პროცესში მიიღებს მონაწილეობას და აცილებას არ მოახდენს მას ექნება ინტერესთა კონფლიქტი.

„ერთ-ერთი განმცხადებელი არის ზურაბ აზნაურაშვილი, რომელიც არის იუსტიციის საბჭოს წევრის, თამარ ონიანის მაზლი. სამწუხაროდ, იმ კანონით, რომელიც ირაკლი კობახიძემ დაუწერა ამ კლანს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უგულებელყოფით, ამგვარი განმარტება ინტერესთა კონფლიქტის გათვალისწინებული არ არის. ის რეალური ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც სახეზეა არ უნდა დავუშვათ. იმიტომ რომ, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება თამარ ონიანის მიერ სხვა კანდიდატების შეფასების მიკერძოებულობა. ამიტომ თამარ ონიანი, ჩვენი ღრმა რწმენით და მოწოდებით, ამ პროცესს უნდა ჩამოშორდეს. ბატონი ზურაბ აზნაურაშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში არის ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე, ის არის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი. ის აუდიტის სამსახურში დასაქმდა 2013 წლიდან. დასაქმების ეს თარიღი საეჭვოდ ემთხვევა, აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ ბატონ ვანო ზარდიაშვილის დასაქმებას. არაერთხელ აქვს გამოკვლეული მათ შორის მონიტორს, როგორ დაასაქმა ვანო ზარდიაშვილმა აუდიტის სამსახურში მიხეილ ჩინჩალაძის ნათესავები. თუ ეს ადამიანი გააკონტროლებს პოლიტიკური პარტიების ფინანსებს ბუნებრივია, მისი საქმიანობის ობიექტურობასთან დაკავშირებით ეს კითხვის ნიშნებს დასვამს,“-განაცხადა ანა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაში,,აქტიური და მოქმედი სააკაშვილი ნიშნავს იმას, რომ ოფიციალური კიევისგან მას აქვს რაღაც ფორმის მხარდაჭერა” – ნინო კალანდაძე
შემდეგი სტატიასამხარაულის ბიუროს დასკვნით, ათი ბავშვიდან ოთხი იური და იულია სუსლიაკების საერთო შვილია, ექვსი კი – იური სუსლიაკის – ადვოკატი