სამეგრელოში სტიქიით მიყენებულმა ზარალმა დაახლოებით 1 მლნ 500 ლარს მიაღწია

რამდენიმედღიანი გადაუღებელი თოვის გამო, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. ზარალი წალენჯიხასა და ჩხოროწყუში უკვე დაითვალეს. წალენჯიხისთვის მიყენებული ზარალი 450 000 ლარს, ხოლო ჩხოროწყუსთვის მიყენებული ზარალი 75 000 ლარს შეადგენს.
სხვა მუნიციპალიტეტებში ზარალის დათვლა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ამ დროის მონაცემებით, ქალაქ ზუგდიდში ის უკვე შეადგენს 300 000 ლარს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კი – 270 000 ლარს.
ხობის მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის მათი რაიონის ზარალი 400 000 ლარს აღემატება.
შესაბამისად, დღევანდელი მონაცემებით, რეგიონისთვის მიყენებული ზარალი დაახლოებით 1 მლნ 495 ათასი ლარია.
რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, არსებული ინფორმაციით, დიდთოვლობას მათთვის ზიანი არ მიუყენებია.
ზარალის დამთვლელი კომისიების მუშაობის დასრულების შემდეგ მონაცემები ცენტრალურ მთავრობას გადაეგზავნება.
მუნიციპალიტეტებში აცხადებენ, რომ ცენტრალური მთავრობის დახმარებით ყველა დაზარალებულ მოქალაქეს ზარალი აუნაზღაურდება.
ზუგდიდში, ჩხოროწყუში, წალენჯიხასა და ხობში დიდთოვლობის შედეგად ჩამოინგრა და დაზიანდა კერძო საცხოვრებელი სახლების, ამინისტრაციული შენობების და სხვადასხვა დაწესებულებების სახურავები.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია მოშიმშილე პატიმარს ირაკლი დოკვაძეს შეხვდება
შემდეგი სტატიაქალაქ თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს