სამართალდამცველებმა კომპანია „ელ ჯგუფის“ დამფუძნებელი გამოკითხეს – ეკისრება თუ არა დიღომში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ყაზტრანსგაზს“

აფეთქება დიდ დიღომში – სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი ტრაგიკულ შემთხვევას იხსენებს და აცხადებს, რომ „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლებს აფეთქებამდე თავად ესაუბრა.

„ელ ჯგუფის“ წარმომადგენელი, გრიგოლ ჭანტურია ამბობს, რომ ადგილობრივების შემდეგ თავადაც დარეკა „ყაზტრანსგაზში“, კომპანიის წარმომადგენლებმა მისვლის შემდეგ კი განუცხადეს, რომ საშიში არაფერი იყო.

„ჩვენმა კომპანიამ დაუკვეთა „ყაზტრანსგაზს“, ჩვენ ჩავურიცხეთ ოფიციალურად თანხა, შემდგომ მოვიდა „ყაზტრანსგაზი“, გაამრიცხველიანა, თავიდან ბოლომდე – ჩართვა იყო, შემოწმება იყო, ყველაფერს აკეთებდა, ჩვენს კომპანიას შეხება არ ჰქონდა არანაირი. შარშან 30 დეკემბერს იყო გაზი შემოყვანილი.

„გაზის სუნიაო ბიჭებმა, დარეკილიც გვაქვსო გაზკანტორაშიო, შემდგომ, მე ავკრიფე ნომერი, სახელი და გვარი განვუმარტე ჩემი და ვუთხარი, რომ საზარელი სუნი დგას და მობრძანდით შეამოწმეთ თქო. ჩემი დარეკვიდან 40 წუთში მოვიდნენ. შევიდნენ, არაფერი საფრთხე არ არისო,“ – აცხადებს გრიგოლ ჭანტურია.

რაც შეეხება საცხოვრებელი კორპუსის ექსპლუატაციის საკითხს, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ექსპლუატაციაში შესვლის უფლება მათ მიმდინარე კვირაში უნდა მიეღოთ.

„ექსპლუატაცია უნდა ამეღო ამ დღეებში. თებერვალში გვქონდა დაწერილი განცხადება,“ – ამბობს გრიგოლ ჭანტურია.

ჭანტურია ადასტურებს, რომ „ელ ჯგუფსა“ და „ყაზტრანსგაზს“ შორის ერთი წლის წინ გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის შემდეგაც შენობაში გაზი შემიყვანა. მისივე თქმით, აქვს ოფიციალური დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს, რომ ორ კომპანიას შორის 78 ათასი ლარის ღირებულების კონტრაქტი დაიდო.

კომპანია „ელ ჯგუფი“ მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას კომპანია „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლებს აკისრებს.

ჭანტურიამ სამართალდამცავებს დეტალური ჩვენება უკვე მისცა და შესაბამისი დოკუმენტებიც წარუდგინა.

წყარო:რუსთავი 2

banner
წინა სტატიაშიაფეთქება დიდ დიღომში – მეექვსე სართულზე გარე ფასადის დემონტაჟი მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაოზურგეთში 26 წლის ბიჭი ეზოში ჩამომხრჩვალი იპოვეს