სამადაშვილი – სურათი, რომელსაც ვხედავთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, ძალიან მძიმეა ჩვენი ქვეყნისთვის

სურათი, რომელსაც ვხედავთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, ძალიან მძიმეა ჩვენი ქვეყნისთვის, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

სამადაშვილი აღნიშნავს, რომ წლიდან წლამდე ეს ანგარიშები მძიმდება.

„თქვენ შეგიძლიათ, შეადაროთ გასული წლის ანგარიშს და ვნახავთ, რომ ამ ანგარიშში დარჩა ყველა ის პრობლემა, რაც იყო წინა ანგარიშებში, ოღონდ დაემატა ამას კიდევ დამატებითი პრობლემები, მათ შორის პირდაპირ არის საუბარი პოლიტიკური მდგენელით მართლმსაჯულების გამოყენებაზე, მაგალითად „ლელოს“ ლიდერების წინააღმდეგ, საუბარია ზოგადად იმაზე, რომ მართლმსაჯულების რეფორმა ქვეყანაში არ ხორციელდება და საუბარია მიშელის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლაზე, რომელმაც უარი განაცხადა, განახორციელოს რეფორმა, რაზეც შევთანხმდით; ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე და დამოუკიდებელი ინსტიტუტების დაზიანებაზე; ადამიანის უფლებების იმ წარმოუდგენელ დარღვევაზე, როგორიც არის მაგალითად ფართომასშტაბიანი მოსმენები, ფარული მიყურადება, თვალთვალი და ა.შ.

ის სურათი, რომელსაც ვხედავთ ამ ანგარიშში, არის ძალიან მძიმე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ამოცანებისთვის და გვაჩვენებს კიდევ ერთხელ, რატომ გვჭირდება ძალიან სწრაფად პოლიტიკური ცვლილებების უზრუნველყოფა, რადგანაც ასეთი მოცემულობის მქონე ქვეყანა ადამიანის უფლებების მიმართულებით, სამწუხაროდ, ვერანაირ პროგრესს ვერ განიცდის ვერც ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულების თვალსაზრისით და ზოგადად, დასავლეთთან დაახლოების თვალსაზრისით“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

წინა სტატიაშითბილისში დამატებით, 23 ელექტროდამტენი დამონტაჟდება
შემდეგი სტატია„ლელომ“ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მიღებული კითხვარის შევსების პროცესის თაობაზე, პარტიის ხედვა წარადგინა