სამადაშვილი – ამ ეტაპზე, პოლიტიკურ საქმიანობას „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით აღარ ვაგრძელებ

ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელიც 8 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ევროკავშირში საქართველოს მისიას, პოლიტიკოსისთვის, რომლისთვისაც მთავარ მიზანს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალის დაცვა და უზრუნველყოფა წარმოადგენს, ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმისას გადამწვეტი ფაქტორი არის, ემსახურება თუ არა ეს ნაბიჯი აღნიშნულ მიზანს, – ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

კითხვაზე: „არის თუ არა შეთანხმება, რომელსაც გუშინ ხელი მოაწერეს ოპოზიციურმა პარტიებმა, ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი“, სამადაშვილმა განაცხადა, რომ ყოველგვარი ეჭვის გარეშე მნიშვნელოვანია.

ამასთან, როგორც სამადაშვილი აცხადებს, მოლაპარაკებების გრძელ და რთულ პროცესში დასკვნით პაზასთან მივიდნენ და მიაღწიეს მაქსიმუმს.

სწორედ ამიტომ, როგორც სამადაშვილი ამბობს, მიაჩნდა, რომ წარმოდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერა იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი და ხედვა პოლიტსაბწოს სხდომაზე პარტიის წევრებსაც გააცნო.

„ყოველგვარი ეჭვის გარეშე. მოლაპარაკებების გრძელ და რთულ პროცესში, ჩვენ მივედით დასკვნით ფაზასთან, ანუ, შემოთავეზებული დოკუმენტი, იყო საბოლოო ვერსია, რომელიც ცვლილებას არ ექვემდებარებოდა. ამ პროცესში, მათ შორის ჩემი აქტიური მონაწილეობით, ვფიქრობ, მივაღწიეთ მაქსიმუმს-პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გარანტიას, ვადამდელი არჩევნების ჩატარების ფორმულას და საარჩევნო სისტემის რეფორმას, რომელიც, შესაძლოა, არაა იდეალური, მაგრამ არის უკიდურესად მნიშვნელოვანი გარანტია, რომ მომავალი არჩევნები ვერ და არ ჩატარდება ისე, როგორც უკანასკნელი. მიმაჩნდა რა, რომ წარმოდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ჩემი თხოვნით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიწვია პოლიტიკური საბჭოს სხდომა. აღნიშნულ სხდომაზე გამოიკვეთა შემდგომი-მიუხედავად შეთანხმების შინაარსისა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი არ უნდა მოაწეროს დოკუმენტს, ვიდრე მელიას არ გაათავისუფლებენ. პოლიტიკურ საბჭოს გავაცანი ჩემი არგუმენტაცია, რატომ იყო ეს პოზიცია დამაზიანებელი პარტიისთვის, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე, პირველ რიგში, როგორ აღიქვავდნენ ამას სახეში გარტყმად ჩვენი პარნტიორები-ევროკავშირი და აშშ. იქვე დავაფიქსირე ჩემი სურვილი, რომ ამ დოკუმენტს მოვაწერო ხელი, მე პირადად. ხაზგასმით უნდა ავღნიშნო, რომ ამ დოკუმენტის ხელმოწერა ერთადერთ გზად დატოვა ხელისუფლებამ პოლიტიკური პატიმრების გასათავისუფლებადაც. არგუმენტი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს არ აწერს დოკუმენტს, რომელიც მელიას გათავისუფლების გარანტიაა და ითხოვს მის უპირობო გათავისუფლებას, არ აღმოჩნდა დამარწმუნებლი,. მეტიც, ვიტყოდი, რომ გაუგებარია მედიატორებისთვის“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილის თქმით, ვინაიდან პარტიამ მისი პოზიცია არ გაიზიარა, პირადად აიღო პასუხისმგებლობა და ხელი მოაწერა მიშელის ახალ დოკუმენტს.

გამოვხატე ჩემი წუხილი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ უარი ხელმოწერაზე აღქმული იქნებოდა ოპოზიციის დანაწევრებად და კამპანია, რომელიც ხელმომწერების წინააღმდეგ გაიმართებოდა, დააზიანებდა ოპოზიციურ ერთობას. დააზიანებდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასაც“, რომელსაც ხელისუფლება მუდმივად ცდილობს, იზოლირება გაუკეთოს, როგორც „დესტრუქციულ“ ძალას. რადგან ჩემი არგუმენტები არ იქნა გათვალისწინებული, შესაბამისად მე, პირადად ავიღე ჩემს თავზე პასუხისმგებლობა და ხელი მოვაწერე დოკუმენტს, როგორც საქართველოს პარლამენტის არჩეულმა წევრმა, მისი ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე და ასევე, სწორედ იმ მიზნით, რომ პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდნენ. იმედია, ყველას ესმის, რომ ნიკა მელიას და გიორგი რურუას პატიმრობის დასრულების მიზნით, ამ ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფის და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების გაფრთხილების მიზნით გადაიდგა სწორედ ეს ნაბიჯი“, – აღნიშნა სამადაშვილმა.

ამასთან, სამადაშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით საქმიანობას აღარ განაგრძობს

„ამ ეტაპზე, მე ცხადია აღარ ვაგრძელებ პოლიტიკურ საქმიანობას „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით. რაც შეეხება პარტიის ოფიციალურად დატოვების განაცხადს, ცხადია დაველოდები ჩემი მეგობრის, ნიკა მელიას გათავისუფლებას, მექნება მასთან, როგორც პარტიის თავმჯდომარესთან, საუბარი და ამის შემდეგ მივიღებთ ოფიციალურ, ცივილიზებულ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმარტო მამა დაიჭირეს შვილი არ ჩანს – ახალდაბაში მოკლულის ნათესავები კლანზე საუბრობენ
შემდეგი სტატიაჯანდაცვის სამინისტრომ ორი მემორანდუმი გააფორმა