სალომე ზურაბიშვილი: მე თვითონ არ ვიცი საქართველოსთვის პროპორციული სისტემა სჯობს თუ მაჟორიტარული

„მგონი, საზოგადოება არ არის ჩართული ამ მსჯელობაში, რომელი სისტემა სჯობს. მე თვითონ არ ვიცი, რომელი სისტემა სჯობს საქართველოსთვის, ეს თეორიული ანალიზები ვფიქრობ, ნაკლებად არის გაკეთებული. ხშირ შემთხვევაში ჩვენი არამხოლოდ ეს გადაწყვეტილება, ბევრი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე – ანუ აღარ მინდა, ის განმეორდეს, ამიტომ ამ სისტემაზე გადავდივარ. დღესაც ისმის ბევრისგან, რომ ამიტომ გვჭირდება საპარლამენტო სისტემა, ამიტომ გვჭირდება პროპორციული, რომ ერთპარტიული აღარ იყოს და ეს ბევრად უფრო დაიშალოს, ანუ გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ ყველაფრის გათვალისწინებით, ვიღებთ იმიტომ, რომ რაღაც არ მოგვეწონა და გვინდა, გამოვასწოროთ. ესეც გამართლებული არის ერთი მხრივ, მაგრამ სრულყოფილი შეიძლება, არ არის. საზოგადოება ნაკლებად ჩართულია ამ პოლიტიკურ მსჯელობაში, რადგან საზოგადოება უყურებს პოლიტიკას შორიდან, არ მიიჩნევს, რომ თვითონ არის რაღაცნაირად ბოლომდე ჩართული, მიიჩნევს, რომ ეს არის იმ პოლიტიკოსების და ძალიან დადებითი განწყობა არ არის პოლიტიკოსების მიმართ, მათი რაღაც გათვლები, თვითონ როგორ უფრო მოერგებათ ესა თუ ის სისტემა. ამიტომ ვხედავთ, რომ არის დისტანცირება საზოგადოებიდან პოლიტიკის მიმართ და საერთოდ, ბოლო ამ პოლიტიკური დებატების მიმართ“, –  – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

წამყვანის რეპლიკაზე, რომ პრეზიდენტმა შეიძლება, აგენერიროს ეს დისკუსია საზოგადოებაში, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის სასახლე უნდა იყოს ადგილი ისეთი დისკუსიებისთვის, რომლისთვისაც არც პარლამენტს სცალია და არც მთავრობას.

„მიმაჩნია და ჯერ ვერ შევძელი ეს, პროცესი დაწყებულია სხვა მიმართულებით, მე მიმაჩნია, რომ თუ რამე შეუძლია პრეზიდენტს თავისი ახალი უფლებამოსლებიდან გამომდინარე, ეს არის, რომ აღნიშნული ადგილი, აღნიშნული სასახლე გახდეს კერა ყველა დისკუსიისთვის. სწორედ ისეთი დისკუსიები, რომლისთვისაც არც პარლამენტს სცალია, რადგან ჩართულია კანონმდებლობების მიღებასა და სულ სხვა საქმიანობაში, არც მთავრობას ცხადია და საზოგადოებაში რეალურად ასეთი დისკუსიებისთვის ადგილი არ არის“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მან მაგალითად საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მოიყვანა და აღნიშნა, რომ სიღრმისეული განხილვა არ ყოფილა, საქართველოს სჭირდება თუ არა ორ პალატიანი პარლამენტი.

„საკონსტიტუციო ცვლილებების დროს, როცა კომისია მსჯელობდა და მეც ვიყავი ამის ნაწილი, არ ყოფილა რეალურად სიღრმისეული დისკუსია იმაზე, გვინდა თუ არა ორი პალატა. პირდაპირ შევინარჩუნეთ ის მოცემულობა, მცირედ შეიცვალა, მაგრამ ის ჩანაწერი, რომ ეს ყველაფერი მოხდება, როცა ქვეყანა გამთლიანდება. არ ვიცი, მაგალითად, პირადად მე მიმაჩნია, რომ რატომ არ შეიძლება, ახლა იყოს. დავუთმოთ, დავტოვოთ ღიად ის ადგილები, რომელიც მიგვაჩნია, რომ ეკუთვნის ვთქვათ, აფხაზეთს თუ ამ შემთხვევაში აჭარას, სხვადასხვა რეგიონს სხვადასხვა წონით. ეს იქნებოდა რეგიონული პალატა, რომელიც სხვა ფორმით გადაწყვეტდა ამ პროპორციულ-მაჟორიტარულ საკითხს, რადგან მაჟორიტარულს აქვს ერთი უპირატესობა, ეს არის სიახლოვე ამომრჩეველთან, რეგიონული საკითხების წარმოჩენა სხვანაირად და ჩვენ ძალიან გვჭირდება სწორედ, რომ რეგიონული პოლიტიკა და რეგიონული ინეტერესები იყოს სხვანაირად წარმოდგენილი სახელმწიფოში. როგორც იცით, ერთ-ერთი ჩემი ინტერესი, პრიორიტეტი არის, ვიყო ძალიან აქტიური რეგიონებში, რათა ხალხმა იგრძნოს, რომ თბილისში არ ხდება ყველაფერი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი ემიგრანტებზე-შეგიძლია, წახვიდე რამდენიმე, ორი-სამი წლით, დაბრუნდე, აქ იმუშაო ორი-სამი წელი, მერე ისევ წახვიდე
შემდეგი სტატიაარ ვსარგებლობთ ჩვენ ყველა დიპლომატიური ინსტრუმენტით. ამ დროს ვხედავთ, რომ ქვეყანა, როგორიც მაგალითად უკრაინაა, მზად არის, გამოიყენოს ყველა საშუალება, რაც არსებობს