პრეზიდენტი ემიგრანტებზე-შეგიძლია, წახვიდე რამდენიმე, ორი-სამი წლით, დაბრუნდე, აქ იმუშაო ორი-სამი წელი, მერე ისევ წახვიდე

განცდა თუ არ გვექნება, რომ ვაშენებთ ქვეყანას და ამისთვის საჭიროა, რაღაც გვერდზე გადადო, შენს ქვეყანას რაღაც შესწირო, ქვეყანა არ აშენდება, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალი ხედვისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

კითხვაზე, თუ რა იქნება უცხოეთში წასულებისთვის უკან დაბრუნების მოტივაცია, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ქვეყანა.

„რატომ დავბრუნდი მე? ხომ არ გიფიქრიათ. დასაქმება არ მჭირდებოდა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ადამიანების ნაწილი ბრუნდება, ნაწილი – არა.

ჯერ ერთი ასე არ დგას საკითხი – დაბრუნება-არდაბრუნება. მე ამას ვამბობ ყოველთვის დიასპორებთან ურთიერთობების დროს, დღევანდელ დღეს და დღევანდელი ტექნოლოგიითა და ყველანაირი კავშირებით, რაც არსებობს, შეგიძლია იყო ქვეყანაში, ქვეყნისთვის მუშაობდე და ამ დროს, არ იყო ფიზიკურად ქვეყანაში. ან იყო ფიზიკურად დროებით, მიდიოდე-მოდიოდე. ანუ, ყველა ვარიაცია არსებობს და არა მხოლოდ საქართველოსთვის. ჩვენ ზოგჯერ გვჭირდება გასვლა გარეთ და დანახვა, როგორ არის დღევანდელი მსოფლიო. ეს პრობლემა, რომელიც ჩვენ გვაქვს, არსებობს ყველა ქვეყნებისთვის, იგივე ძალიან განვითარებული ქვეყნებისთვის, რომლიდანაც მიდიან ასევე სხვა ქვეყნებში, რომ მოიპოვონ რაღაც სხვა პირობები სხვა განათლება ან სხვა უფრო მეტი თავისუფლება ინიციატივებში. ეს ეხება ევროპიდან ამერიკაში წასულებს და ა.შ. ასე რომ, აქ არაფერი გასაკვირი არ არის. ცირკულარული მიგრაცია არის თემა, რომელზედაც მე ვსაუბრობდი თავის დროზე, როდესაც ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს არის ერთ-ერთი საშუალება კვალიფიკაციის ასამაღლებლად. მაგრამ ეს უნდა იყოს ცირკულარული. ე.ი. შენ შეგიძლია, წახვიდე რამდენიმე, ორი-სამი წლით, დაბრუნდე, აქ იმუშაო ორი-სამი წელი, მერე ისევ წახვიდე. ეს ნიშნავს ერთ რამეს, რომ შენ შეიძლება ამ პირობებში მაინც და მაინც მთელი შენი ოჯახი არ წაიყვანო, არ ჩათვალო, რომ შენ მიდიხარ და მიდიხარ. გაქვს საშუალება, რომ გაეცნო იქაურ ცხოვრებას და დაინახო ის, რომ არც ისე ადვილი არის“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

banner
წინა სტატიაშისჯობს, თვითონ გადავწყვიტოთ საკითხები, ვიდრე ყველაფერში გვჭირდებოდეს უცხოელების ჩართულობა
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი: მე თვითონ არ ვიცი საქართველოსთვის პროპორციული სისტემა სჯობს თუ მაჟორიტარული