სალომე ზურაბიშვილი-კიდევაც დავბრუნდი და ხვალ კიდევაც პრეზიდენტიც ვიქნები

მოვდივარ, როგორც ემიგრაციის შვილი და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი საპრეზიდენტო პროგრამის პრეზენტაციის დროს განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, მან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ბავშვობიდან ჰქონდა გრძნობა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო სამსახურში რაღაცნაირად მაინც მიიღებდა მონაწილეობას და ამისთვის, „ისე თუ ასე“ ემზადებოდა და სწორედ ამ განზრახვამ მიიყვანა ის საპრეზიდენტო კარებამდე.

„მოვდივარ ჩემი წარსულით, მოვდივარ ჩემი მტკიცე პრინციპებით. ზოგჯერ ვიღაცები ფიქრობენ, რომ ცოტა ნამეტანად მტკიცე, ჩემი ხასიათით, შეცდომებითა თუ წარმატებებით და ასევე ჩემი მომავალის ხედვით, რომელზეც ძალიან ბევრი მიფიქრია ამ 66 წლის მანძილზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას აქვს როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, რის გამოც, ის ქართული პოლიტიკისთვის უცხო არ არის. ამასთან, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მის განვლილ გზაზე ბევრი მძიმე ეპიზოდი იყო, თუმცა საერთოდ არაფერს ნანობს.

„კიდევაც დავბრუნდი და ხვალ კიდევაც პრეზიდენტიც ვიქნები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ისაუბრა.

„პირველ რიგში, მოვდივარ ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად და იმისთვის, რომ ხელახლა არავის მოუწიოს ქვეყნიდან დევნილად წასვლა, აღარასოდეს აღარ დავკარგოთ ტერიტორიები. ღმერთმა იცის, რომ ამ ბოლო ორ საუკუნეში ყველა მიმართულებით დავკარგეთ ტერიტორიები. ეს არის ძალიან იშვიათი მოვლენა და მართლაც გვინდა ამ ტერიტორიების, ამ საზღვრების გამთლიანება. მოვდივარ იმისთვის, რომ ხელახლა რუსული ჯარები გავიყვანოთ სამუდამოდ ამ ტერიტორიიდან და ამ ქვეყნიდან მშვიდობიანი გზით. მოვდივარ ქაჯების დასათხოვნად, რადგან ბოღმა, ტყუილი სიძულვილი, ეს ყველაფერი უკვე ყელში ამოვიდა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატის შეფასებით, საქართველოში ტრიალებს სიძულვილი, რომელიც ქმნის შავ აურას და ყველაფერი გადადის ახალგაზრდებზე. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობას თავადვე გეგმავს ქართული საზოგადოების ჩართვით. პირველ რიგში კი, მედიისა და სკოლის ჩართულობით.

 

banner
წინა სტატიაში,,კოსმეტიკური საშუალებების დასამზადებლად გამოიყენება შესაბამისი ზეთი და ამ მიზნით მოხდება ამ მცენარის გამოყენება”
შემდეგი სტატიაექვსი წლის ბავშვი C ჰეპატიტით იმის გამო დაინფიცირდა, რომ მედდამ უსაფრთხოების ნორმები არ დაიცვა