სალომე ზურაბიშვილი ბოლო პერიოდში თავის გამოსვლებში ხშირად სიმართლეს ამბობს – ჯაფარიძე

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებული აქცია თავიდანვე არასწორი იყო.

როგორც ჯაფარიძემ „ფორმულას“ ეთერში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრისას აღნიშნა, აქციები ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ იქონიებს.

ჯაფარიძის შეფასებით, „პრეზიდენტის მიერ დაანონსებული აქციის მიზანი 20 ივნისს დაანონსებული აქციის მუხტის დაგდებას ემსახურება.“

„ჩემი აზრით თავიდანვე არასწორი იყო ამ აქციის დაანონსება. ერთადერთი მიზანი რასაც ეს აქცია ემსახურება არის ის, რომ 20 ივნისის აქციისთვის მუხტი დააგდონ. აქ მხოლოდ აქციაზე არ იყო საუბარი, შემდეგ ამას მოჰყვა განცხადებები, რომ თურმე მთავარი ამბები წყდება და 16 ივნისს უნდა მოესწროს. ამ ყველაფერმა მოსახლეობის რაღაც ნაწილში იმუშავა.

მე მგონია, რომ ადამიანის რაღაც რაოდენობა დღესაც გამოვა და გზავნილი მივა ევროპამდე, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც უნდათ, რომ ეს ქვეყანა საბოლოო ჯამში დასავლეთის და ევროპის ნაწილი გახდეს.

გულწრფელი ვიქნები და არ მგონია, რომ აქციებს რაიმე გავლენის მოხდენა შეუძლია ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე. ახლა საქართველოს მთავრობა გაშლილი უნდა იყოს ევროპის დედაქალაქებში და იქ უნდა მუშაობდნენ. ისინი ყოველ დღიურ რეჟიმში აგინებენ ევროპას და ათას სისულელეს ჰყვებიან, სრულ ბოდვებს ვისმენთ“, – აცხადებს ჯაფარიძე.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებში პრეზიდენტი ზურაბიშვილი ხშირად სიმართლეს ამბობს.

ოპოზიციონერი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ტყუის იმ ნაწილში, როცა „ევროპაში გაფუჭებულ საქმეებზე“ მოქალაქეებს ღარიბაშვილ-კობახიძის სახელით ესაუბრება.

ჯაფარიძის თქმით, ზურაბიშვილი ცდილობს საქართველოს მოქალაქეები დაარწმუნოს, რომ ეს პრობლემები, რომელზედაც ევროპელები მას ელაპარაკებიან ღარიბაშვილ-კობახიძის უუნარობის ამბავია და არ აქვს მწვანე შუქი ანთებული ივანიშვილის მიერ.

„მე მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი თავის გამოსვლებში ბოლო პერიოდში ხშირად ამბობს სიმართლეს, მათ შორის ის კრიტიკული პუნქტები რაც ჩამოთვალა და მათი ნაწილი ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის მოხვედრილი. დიდ ნაწილში სალომე ზურაბიშვილი მართალია. ზურაბიშვილი სადაც იტყუება და ამ სიტყვას გადაჭარბების გარეშე ვამბობ არის ის, რომ ამ ყველაფერს ახოცავს ღარიბაშვილს და კობახიძეს, ის ცდილობს საქართველოს მოქალაქეები დაარწმუნოს, რომ ეს პრობლემები, რომელზედაც ევროპელები მას ელაპარაკებიან ღარიბაშვილ-კობახიძის უუნარობის ამბავია და არ აქვს მწვანე შუქი ანთებული ივანიშვილის მიერ. აი ამ ნაწილში იტყუება ჩემი აზრით.

როცა უყურებ ღარიბაშვილი გამოდის და ევროპელებს აშანტაჟებს ან როცა უყურებ კობახიძე და მათ მიერ დაქირავებული მოექსპერტო ხალხი გამოდის… ვინმე ხომ უნდა გამოვიდეს და თქვას, რომ ირაკლი ერთი და ირაკლი ორი, ხომ არ გაგიჟდით? რატომ იფუჭებ დასავლეთთან ურთიერთობას, რომლის ნაწილიც საქართველო უნდა გახდეს. მათ მწვანე შუქი ივანიშვილის მხრიდან აქვთ ანთებული და შეუძლებელია ამას სალომე ზურაბიშვილი ამას ვერ ხვდებოდეს“, – აცხადებს ჯაფარიძე.

ამასთან, ოპოზიციონერი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებაც საუბრობს და ამბობს, მიუხედავად იმ მდგომარეობისა, რა მდგომარეობაშიც დღეს საქართველო არის, ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მაინც იმსახურებს.

„მოლდოვამ შეძლო ის, რაც ჩვენ ჯერ კიდევ დასამტკიცებელი გვაქვს. მან შეძლო და გაუშვეს ოლიგარქი და აჩვენეს ის რომ არჩევნების გზით შეუძლიათ ხელისუფლების ცვლილება. ჩვენ ეს დასამტკიცებელი გვაქვს, რომ ამ ქვეყანაში არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელია. ეს არ ნიშნავს, რომ მოლდოვა ამის გამო საქართველოზე წინ არის.

ჩვენ ბევრი რამით ვართ მოლდოვასთან შედარებით წინ, მათ შორის არ იტყუება „ოცნება“ .. კონკრეტული ტექნიკური საკითხები ჩვენ გავლილი გვაქვს, ვიდრე მოლდოვას. ჩვენ პირველი ვიყავით ვინც იომა რუსეთთან და მაშინ დასავლეთმა არ დაგვიჯერა, რომ ეს ჩვენი ბრალი არ იყო.

ახლა, უკრაინის ამბების შემდეგ გააცნობიერეს ვინ არის პუტინი და რა არის პუტინის რუსეთი. მაშინ იმის მეათედი მხარდაჭერა გვქონოდა, რაც ახლა უკრაინას აქვს, საერთოდ სხვანაირად წავიდოდა ყველაფერი. ამიტომ, ბევრი რაღაცებია რაშიც ჩვენ მართლები ვართ და სტატუსი გვეკუთვნის, მიუხედავად იმისა ახლა მდგომარეობაშიც ვართ“, – დასძინა ზურაბ ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშიქართული ოცნებას“ როდესაც არაფერი აქვს ოპოზიციასთან მოსადავებელი, ათას სისულელეს იგონებენ – გოცირიძე
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის სასამართლო დღეს “ვივა მედში” გაგრძელდება