სალომე სამადაშვილი : თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით, ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა, ზუგდიდში ოპერაცია ამ შედეგით დასრულებულიყო

მოხარული ვართ, რომ მსხვერპლის გარეშე ჩაიარა ოპერაციამ, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ამ შემთხვევაში, წარმატება ჰქონდა ტერორისტ-თავმდასხმელს და ყაჩაღს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომელიც ზუგდიდში საპოლიციო ღონისძიებას გამოეხმაურა.

სამადაშვილი მიიჩნევს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების გათვალისწინებით, ოპერაცია სხვა შედეგით უნდა დასრულებულიყო.

„საბოლოო შეფასებისთვის საკმარისი დეტალები არ გვაქვს, მაგრამ პირველ რიგში, ყველა ძალიან მოხარული ვართ, რომ მსხვერპლის გარეშე ჩაიარა ოპერაციამ, თუმცა ამავე დროს უნდა ვაღიაროთ, რომ წარმატება ამ შემთხვევაში, ჰქონდა სწორედ ტერორისტ-თავმდასხმელს და ყაჩაღს.

ეს, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ჩაითვალოს წარმატებად. რამდენადაც ვხვდები, გარდა იმისა, რომ გაიტაცა ორი მძევალი, მან გაიტაცა ასევე სამხარეო პოლიციის უფროსი. თანამედროვე ტექნოლოგიების და სტანდარტების გათვალისწინებით, ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა, ამ შედეგით დასრულებულიყო, თუ რა თქმა უნდა, შესაბამისი სისტემა იყო მოწოდების სიმაღლეზე“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ამასთან, სამადაშვილის თქმით, სამართალდამცავი ორგანოები პოლიტიკური მიზნებით ოპონენტების წინააღმდეგ მუშაობენ და ამ დროს რიგითი მოქალაქეები სრულიად დაუცველები არიან.

„მე ვფიქრობ, ძალიან სახიფათო ტენდენციას აჩვენებს ქვეყანაში, რომ მაშინ, როდესაც სამართალდამცავი ორგანოები პოლიტიკური მიზნებით ოპონენტების წინააღმდეგ სამუშაოდ არიან მიმართულები, ამ დროს, რიგითი მოქალაქეები სრულიად დაუცველები არიან და რეალურად, ეს ნიშნავს, რომ ყველა ჩვენგანი დაუცველია. ხვალ შეიძლება, ასევე დაუსჯელად, ვიღაცამ გაგრძაცვოთ ან მძევლად აგიყვანოთ. საბოლოო შეფასებებისგან ჯერ თავს ვიკავებ, მაგრამ ის, რაც ჩვენ ვნახეთ და განსაკუთრებით, ,,ქართული ოცნების“ პროპაგანდისტების მიერ ერთ-ერთ მძევალზე თავდასხმა საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამო, რა თქმა უნდა, ყველანაირი მორალის ჩარჩოდან გასულია“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკში“ გუშინ შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელოს რეგიონში ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

დამნაშავის დაკავების მიზნით ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები გრძელდება.

banner
წინა სტატიაშიბერდია სიჭინავა : დღეის მდგომარეობით გვაქვს 1 595 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 398 პირი
შემდეგი სტატიაპოლიციამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი