სალომე სამადაშვილი : ქალი კანდიდატები მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც ხშირად ხდებიან უფრო უხამსი გამონათქვამების მსხვერპლი, ვიდრე მამაკაცები

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ქალი კანდიდატები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც ხშირად ხდებიან უხამსი გამონათქვამების მსხვერპლი, ვიდრე მამაკაცები. აღნიშნული განცხადება ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ევროპარლამენტარ ანა გომეშის გამოსვლასთან დაკავშირებით გააკეთა.

„ვფიქრობ, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პრობლემა, ეს არის ზოგადად, ქალი პოლიტიკოსების პრობლემა, მათ შორის, სხვა ქვეყნებშიც. ამ თვალსაზრისით გეტყვით, რომ უხამსობები ჩემთვის მიუღებელია, ქალი იქნება თუ კაცი, მაგრამ ზოგადად, ქალი კანდიდატები ყველგან მსოფლიოში ხშირად ხდებიან უფრო უხამსი ენის მსხვერპლი, ვიდრე მამაკაცები. ეს არის რეალობა, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება“, – განაცხადა სამადაშვილმა.

დეპუტატი განმარტავს, რომ მისთვის მიუღებელია შეურაცხყოფა და თავდასხმები და ამ საკითხზე გაერთიანებულმა ოპოზიციამ განცხადებაც გაავრცელა.

„გაერთიანებულმა ოპოზიციამ გაავრცელა განცხადება, სადაც დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ სასურველია საარჩევნო კამპანია წარიმართოს მაქსიმალურად მშვიდ, კორექტულ ფარგლებში. ჩვენთვის მიუღებელია სიტყვიერი თავდასხმა თუ სხვა რამ ნებისმიერი კანდიდატის მიმართ“ – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიარჩევნების თარიღი – ცესკოს სხდომა 19:00 საათამდე გადაიდო
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილი : საერთაშორისო დამკვირვებლებს არჩევნებზე ყოველთვის მივესალმებით