სალომე სამადაშვილი კელი დეგნანის განცხადებაზე – როდესაც ვინმე ამბობს, რომ ოპოზიცია რაიმე დათმობაზე უნდა წავიდეს, თუ არ დაკონკრეტდება, რა უნდა დათმოს, კომენტარი გამიჭირდება

არ ვიცი, რა დათმობაზე უნდა წავიდეს ოპოზიცია. როდესაც ვინმე ამბობს, რომ ოპოზიცია რაიმე დათმობაზე უნდა წავიდეს, თუ არ დაკონკრეტდება, რა უნდა დათმოს, კომენტარი გამიჭირდება, – ასე შეაფასა პარტია “ლელოს” დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადება, რომელიც იმედოვნებს, „ქართველი ლიდერები მოახერხებენ გვერდზე გადადონ მათ შორის არსებული განსხვავებები და ერთად იმუშაონ ქვეყნის ევროპისკენ მიმავალი გეგმის შესაქმნელად“.

როგორც სამადაშვილმა განაცხადა, „ლელო“ პარლამენტში ჩართულია იმ პროცესში, რაც 12 პუნქტის შესრულებას შეეხება.

„რაც შეეხება ზოგადად, დეპოლარიზაციის თემას, ამის თაობაზე „ლელოს“ პოზიცია არის ცნობილი- „ლელო“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ხელი მოაწერა მიშელის შეთანხმებას. მიშელის შეთანხმება არის ერთადერთი შემთხვევა ამ ქვეყანაში ძალიან დიდ ხნის მანძილზე, როდესაც მოხდა ფართო პოლიტიკური შეთანხმება სწორედ დეპოლარიზაციის მიზნით. ჩვენი პოზიცია არის მიშელის შეთანხმების აღდგენა, ამ შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულება. ეს არის გზა დეპოლარიზაციისკენ. ჩვენ ამ შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ, შეთანხმებიდან არ გავსულვართ, თუმცა, „ქართული ოცნება“ გავიდა. ამიტომ, ჩემთვის გაურკვეველია, მე რა უნდა დავთმო ან „ლელოს“ რა აქვს დასათმობი. ჩვენ პარლამენტში ვართ ჩართული იმ პროცესში, რაც შეეხება 12 პუნქტის შესრულებას. ამ მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით ნებისმიერი საკითხის საპარლამენტო ფორმატში განხილვაში მონაწილეობას მივიღებთ, ვსაუბრობ კომიტეტზე, პლენარულ სხდომაზე“,- განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიNDI – პროდასავლური კურსის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაიზარდა
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პროცესი საკუთარ თავში ჩაიკეტა – საზოგადოება ძალიან სწორ შეფასებას აკეთებს