სალომე სამადაშვილი – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პროცესი საკუთარ თავში ჩაიკეტა – საზოგადოება ძალიან სწორ შეფასებას აკეთებს

არაერთხელ მითქვამს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პროცესი საკუთარ თავში ჩაიკეტა, – ამის შესახებ პარტია „ლელო“ პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომელშიც როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი პოლიტიკური პარტიის მიმართ საზოგადოების ნდობის მაჩვენებელი შემცირებულია.

ამის მიზეზად სამადაშვილმა დაასახელა ის, რომ მუდმივი პოლიტიკური კრიზისის პირობებში პოლიტიკურ აქტორებს ძალიან ხშირად უწევთ საუბარი იმ თემებზე, რომელსაც საზოგადოება ვერ აკავშირებს მათ ყოველდღიურ პრობლემებთან და იმ საკითხებთან, რომელიც მათ აწუხებთ.

„სიმართლე გითხრათ, ეს შედეგი არ მიკვირს, ჩემთვის და ჩემი პარტიისთვის, „ლელო საქართველოსთვის“ ეს არის მნიშვნელოვანი მონაცემი, შესაბამისად, ჩვენი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უნდა დავგეგმოთ იმგვარად, რომ მეტი დრო, შეხვედრები, პირადი აზრთა გამოცვლა იმ პრობლემებს დავუთმოთ, რაც აწუხებთ ადამიანებს, ვიდრე პოლიტიკურ პროცესებს, რომელსაც ადამიანები ძალიან განყენებულად უყურებენ საკუთარი ცხოვრებისგან, რაც სამართლიანიც არის.

ვფიქრობ, რომ საზოგადოება ძალიან სწორ შეფასებას აკეთებს. „ქართული ოცნების“ უსირცხვილო პროპაგანდა, რომელიც ხან ატყუებდა ხალხს, რომ კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ მეორე ფრონტის გახსნას გვთხოვდნენ, ხან ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის მეც გამოგვაცხადეს მოღალატეებად, რომლებიც საქართველოს ხელს უშლიან კანდიდატის სტატუსის მიღებაში. ყველა ამ უსირცხვილო ტყუილმა, რომლის ტირაჟირებასაც „ქართული ოცნება“ და მისი მედიასაშუალებები ეწეოდნენ, საკმაოდ დიდ ხანს, არ იმუშავა. ქართველმა ხალხმა ძალიან სწორად შეაფასა – უმრავლესობას მიაჩნია, რომ არ ვართ კანდიდატი ქვეყანა იმიტომ, რომ ამისთვის საკმარისი არ გააკეთა ხელისუფლებამ. ამავე დროს, საზოგადოებას ძალიან კარგად ესმის, რომ არც ოპოზიციას, არც არასამთავრობო ორგანიზაციებს არ აქვთ ხელში ძალაუფლების ბერკეტები, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ამიტომ მათი მოლოდინი არ არის ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომ ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ, სანამ ჩვენ პოლიტიკური ოპოზიცია ოპოზიციაში ვართ, უზრუნველვყოთ ევროპული მომავალი. მოსახლეობა ამას ძალიან სწორად ელოდებიან ხელისუფლებისგან და პასუხს იმაზე, რომ არ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, სთხოვენ იმ გუნდს, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს.

ვხედავთ, რომ გამოკითხულთა დიდ უმრავლესობას მიაჩნია, რომ ქვეყანა მიდის არასწორი მიმართულებით. ამას განაპირობებს რამდენიმე საკითხი – პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეკონომიკური მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში. მაშინ, როდესაც საზოგადოებას უსირცხვილოდ ატყუებს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი, ტელეეკრანებიდან საუბრობენ ეკონომიკურ წარმატებაზე, ეს ალბათ, ძალიან ცინიკური დაცინვაა საქართველოს მოქალაქეების და საკუთარ ეკონომიკურ წარმატებაზე ესაუბრებიან კორუმპირებული, ოლიგარქიული რეჟიმის წარმომადგენლები გაღატაკებულ ქართველ ხალხს. ქართველი ხალხის არის გაღატაკებული, ამას აჩვენებს ეს გამოკითხვაც. სხვანაირად ვერ იქნება ქვეყანაში, სადაც 2-ციფრიანი ეკონომიკური ზრდა კი არა, გვაქვს ინფლაცია, რომელიც აუფასურებს ჩვენს შემოსავალს, ზრდის ხარჯებს და აღატაკებს საქართველოს ყველა მოქალაქეს“, – განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე შეფასებით, კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საზოგადოებაში გაზრდილია ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა.

„ის, რომ დღეს საზოგადოებაში არის მოლოდინი იმისა, რომ დღეს მყარად უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას და ეს გამოკითხვაც ამას აჩვენებს. ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენციაა, როგორ არის გაზრდილი ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა, როგორ სწორად აფასებს საზოგადოება რუსეთის, როგორც აგრესორის როლს. ეს აჩვენებს იმას, რომ საზოგადოების მოლოდინი არის ის, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ უფრო მეტი უკრაინის მხარდასაჭერად. საზოგადოების ნახევარს მიაჩნია, რომ საქართველო არ აკეთებს საკმარისს უკრაინის მხარდასაჭერად“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი კელი დეგნანის განცხადებაზე – როდესაც ვინმე ამბობს, რომ ოპოზიცია რაიმე დათმობაზე უნდა წავიდეს, თუ არ დაკონკრეტდება, რა უნდა დათმოს, კომენტარი გამიჭირდება
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი – პარტნიორი ქვეყნის ელჩი იძულებულია, როგორც პატარა ბავშვებს, დაგვიღეჭოს, რომ თუ გვინდა, საქართველო ევროკავშირში შევიდეს, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთად უნდა იმუშაონ, არ ვიცი, ასეთ დროს სირცხვილით სად წავიდე