NDI – პროდასავლური კურსის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაიზარდა

„ეროვნული-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, პროდასავლური კურსის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ამასთან, NDI-ს კვლევის თანახმად, პროდასავლური საგარეო კურსის მხარდაჭერა ყველაზე ძლიერი ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის არის.

კერძოდ, 47% მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს პროდასავლური. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ნოემბრის მონაცემებით, საქართველოს პროდასავლურ პოლიტიკას გამოკითხულთა მხოლოდ 12% უჭერდა მხარს. გამოკითხულთა 31%-ის მოსაზრებაა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს პროდასავლური, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთან, ამ ნაწილში გამოკითხულთა პროცენტული რაოდენობა შემცირებულია, რადგან 2016 წლის ნოემბრის მონაცემებით, აღნიშნულ მოსაზრებას 54%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა. მხოლოდ 7% მიიჩნევს, რომ საქართველოს კურსი პრორუსული უნდა იყოს, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ევროკავშირსა და ნატო-სთან. 2% მიიჩნევს, რომ საქართველო ცალსახად პრორუსული უნდა იყოს.

NDI-ს კვლევის შედეგად ირკვევა, რომ უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით მეტ სარგებელს მიიღებს, ვიდრე რუსეთთან ახლო ურთიერთობით.

გამოკითხულთა 65% მიიჩნევს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევრო -ატლანტიკური ინტეგრაციით ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებით. მხოლოდ 12 % მიიჩნევს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთა უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბებით სანაცვლოდ უარს იტყვის ევროპულ და ევროაატლანტიკურ ურთიერთობაზე.

კვლევა ცხადყოფს, რომ მცირედი ვარდნის მიუხედავად, ევროკავშირის მხარდაჭერა კვლავ მაღალია. კითხვაზე მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, დადებითად 75% პასუხობს, რაც ამავე წლის მარტის მონაცემებთან შედარებით 7%-ით ნაკლებია.

NDI-ს ცნობით, ევროკავშირის მხარდაჭერა ყველაზე დაბალი ეთნიკური უმცირესობების დასახლებებშია. ევროკავშირის მხარდაჭერის მთავარ მოტივად კვლავ სამუშაო ადგილები და უსაფრთხოება სახელდება.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა უმეტესობა, 30% მიიჩნევს, რომ საქართველო უფრო დაშორდა ევროკავშირს, 28% მიიჩნევს, რომ საქართველო დაუახლოვდა ევროკავშირს, 27% კი მიიჩნევს, რომ საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან არ შეცვლილა. 2019 წელთან შედარებით,გაზრდილია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების ხელის შემშლელ ფაქტორად ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნების ნაკლებობას ასახელებს. კითხვაზე რა უშლის ხელს საქართველოს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, 25% ხელისუფლების მხრიდან ნების ნაკლებობას ასახელებს, 19% მიზეზად საქართველოს ტერიტორიულ კონფლიქტებს ასახელებს, 17% კი ამაში რუსულ ფაქტორს ხედავს.

რაც შეეხება ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციას, NDI-ს კვლევის მიხედვით ცხადი ხდება, რომ ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა სტაბილურად მაღალია. კითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი, 69% დადებითად პასუხობს, 16%-სთვის ეს მიუღებელია, 14-მა კი არ იცის.

ამასთან, უმრავლესობის აზრით, საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ყველაზე მეტად რუსეთი და ოკუპირებული ტერიტორიები უშლის ხელს. რუსეთის ხელისშემშლელ ფაქტორს 46% ასახელებს, 34% კი – ოკუპირებულ ტერიტორიებს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ქადაგიშვილი – საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან აკერმანისეული პოლიტიკა თუ დაგმობილი იქნება, მაშინ რადიკალური ოპოზიციის ე.წ. რევოლუციური დუღილის ტემპერატურა განულდება
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი კელი დეგნანის განცხადებაზე – როდესაც ვინმე ამბობს, რომ ოპოზიცია რაიმე დათმობაზე უნდა წავიდეს, თუ არ დაკონკრეტდება, რა უნდა დათმოს, კომენტარი გამიჭირდება