სალომე სამადაშვილი : არის საკითხები, რომლებზეც მხარეების პოზიციები ახლოსაა, მაგრამ ეს ვერ მოხსნის მთავარ პოლიტიკურ საკითხებს დღის წესრიგიდან

შეთავაზება არის რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს და სავარაუდოდ, შეიძლება დღესვე შედგეს შემდეგი რაუნდი. პროცესი მიდის რთულად, რადგან არსებობს საკვანძო და რთული საკითხები, რომელზეც პოზიციების დაახლოება ვერ ხერხდება, ამის გარეშე მოლაპარაკებების წარმატება შეუძლებელია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, „ოპოზიცია მზად არის, გააგრძელოს მოლაპარაკებები, მაგრამ ხელისუფლება თუ არ გადახედავს საკუთარ პოზიციას იმ მთავარ საკითხებზე რაც შეეხება ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნას და პოლიტპატიმრების თემას, ვერანაირ სხვა საკითხებზე შეთანხმება ვერ მოხდება“.

„ჩვენ ელჩების თხოვნით, არ ვსაუბრობთ დეტალებზე, მაგრამ მოლაპარაკებების საგანი არის უამრავი თემა, მათ შორის საარჩევნო სისტემის რეფორმა და ა.შ. არის საკითხები, რომელზეც მხარეების პოზიციები არის ახლოს, მაგრამ ეს ვერ მოხსნის მთავარ პოლიტიკურ საკითხებს დღის წესრიგიდან. ოპოზიციური პარტიები სრულიად შეთანხმებულები არიან საკუთარ ხედვაში. ამ საკითხების გადაჭრის გარეშე პროგრესს ვერ მივაღწევთ და საქართველოს თანამედროვე ისტორიაში პირველად ეყოლება ერთპარტიული პარლამენტი“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ამასთან, სალომე სამადაშვილის განცხადებით, „მმართველ გუნდს ბევრი დრო არ აქვს და დღეს ან ხვალ თუ რამე არ შეიცვლება, ერთპარტიული სხდომა იქნება“.

„ძალიან ბევრი საკითხი დგას ჩვენ წინაშე, დაწყებული ტექნიკური საკითხებით და დამთავრებული იმ დიდი პოლიტიკური შეთანხმებით, რაც უნდა დასრულდეს. რაც შეეხება პოლიტპატიმრებს და იმას, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად, ეს არის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი საკითხები, მაგრამ არსებობს ბევრი სხვა საკითხიც, ერთი მეორეს ხელს არ უშლის, ისევე როგორც ერთი მეორეს არ ანაცვლებს. შეიძლება შევთანხმდეთ ბევრ წვრილმან საკითხზე, მაგრამ პოლიტიკურ თემებზე შეთანხმების გარეშე, პროგრეს ვერ მივაღწევთ“, – განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდღეიდან, ოპოზიცია თუ რამეზე დაელაპარაკება „ოცნების“ „მოქოქილ თოჯინას“, ეს უნდა იყოს ახალი არჩევნების დანიშვნის თარიღი
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი : ბოკერია და უგულავა საბოტაჟით არიან დაკავებული, უნდათ, ჩაშალონ ყველაფერი, რადგან ვერ მოხვდნენ პარლამენტში