სალომე სამადაშვილი – ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლის ნებისმიერი მცდელობა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია

ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლის ნებისმიერ მცდელობას სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად ვთვლი, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილმა „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ მოვლენებზე ისაუბრა და ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტსაც შეეხო.

„ვფიქრობ, სულ უფრო ნათელი ხდება თუ რატომ ჩაიშალა სხდომა, რომელიც ამ კვირაში უნდა ჩატარებულიყო. როგორც ჩანს, ეროვნული ბანკი პროკურატურის მიერ საკუთარი ამოცანების განსახორციელებლად გამოიყენება, რაც უკავშირდება კონკრეტულად „თიბისი ბანკის“ წარმომადგენლების დევნას. საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ხელისუფლება დიდხანს ვერ აარიდებს თავს შეკითხვებზე პასუხის გაცემას. იმედია, მომავალი სხდომა არ იქნება იგივე, რაც აქამდე ვნახეთ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა შეხვედრა კითხვებისთვის პასუხგაუცემლად დატოვა. ნათელია, ამ საქმეს რამდენიმე წახნაგი აქვს. ერთი მხრივ, ბანკზე ზეგავლენის მოხდენა სურს ხელისუფლებას, რეალურად ფინანსური ინსტიტუტების კონტროლი დღევანდელი ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ასევე უკავშირდება, როგორც ჩანს, ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ ვითარებას. მოვითხოვეთ საგარეო კომიტეტის სხდომის მოწვევა პარლამენტში, რათა შევისწავლოთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებული ვითარება. მიმაჩნია, რომ ამ პროექტის ჩაშლის ნებისმიერი მცდელობა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია. საერთოდ, ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანია, პოლიტიკური ძალაუფლება, რაც შეიძლება, დიდხანს შეინარჩუნოს და არ გაჩნდეს სხვა ფინანსური სიმძიმის ცენტრები. ამიტომ, „თიბისისთან“ დაკავშირებულ საქმეს პოლიტიკური წახნაგიც აქვს“, – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი პროკურატურას მიმართავს, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკითხვის ოქმები სრულად გამოაქვეყნოს
შემდეგი სტატიაგენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ საქმეზე ორ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, რასთან გვაქვს საქმე და რატომ დღეს