ადვოკატი პროკურატურას მიმართავს, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკითხვის ოქმები სრულად გამოაქვეყნოს

ზვიად კორძაძე პროკურატურას მოუწოდებს, სრულად გამოაქვეყნოს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დაკითხვის ოქმები, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ზვიად კორძაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

„ჩემი განცხადების პასუხად პროკურატურამ განმარტა, რომ საქმეს არ ადევს გრიფი საიდუმლო. აღნიშნული გარემოებისა და იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ საქმეზე დიდია საზოგადოებრივი ინტერესი, რასაც თავად პროკურატურაც ადასტურებს, ვთხოვთ საგამოძიებო ორგანოს, სრულად გამოაქვეყნოს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მოწმედ დაკითხვის ოქმები. მით უფრო, რომ ასეთი პრეცედენტი მან უკვე შექმნა ჩვენების ცალკეული ნაწილის გამოქვეყნებით.

აღნიშნული გამორიცხავს ჩვენებიდან ამონარიდებით არასწორი წარმოდგენების შექმნას და საზოგადოებას თავად მიეცემა საშუალება გააკეთოს დასკვნები“, – წერს ზვიად კორძაძე.

პროკურატურა უარყოფს, თითქოს „თიბისი ბანკის“ საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს და აცხადებს, რომ გუშინდელ ბრიფინგზე რამდენიმე ახალი ფაქტი დასახელდა. ბრიფინგი პროკურატურაში გუშინ გაიმართა, სადაც ვიდეოსქემაც გაასაჯაროვა.

ამასთან, გუშინვე ზვიად კორძაძემ სოციალური ქსელით განცხადება გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ „თიბისი ბანკის“ საქმეს ადევს გრიფი საიდუმლო. მისი თქმით, პროკურატურის ბრიფინგზე ახალი გარემოებები არ დასახელებულა და საქმე ეხება არა გამჭვირვალე გამოძიებას, არამედ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი – ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს გასულ წელს მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები ჰქონდა
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი – ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლის ნებისმიერი მცდელობა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია