სალომე სამადაშვილი: „ამნისტია ეს არის გზა არა დავიწყებისკენ, არამედ, იარების მოშუშებისკენ“

„დღეს, აქ ამ დარბაზში ჩვენი ყოფნა ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ქვეყანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შედეგად შევიდა, რომ ჯებირები შეექმნა დემოკრატიული პროცესისთვის და როგორც სენატორმა შაჰინმა გითხრათ აშშ-ს სენატში, რომ ლეგიტიმაციის ზღვარზე ჩაეტარებინა არჩევნები, ეს კრიზისი არ არის დასრულებული. ეს კრიზისი არ არის დასრულებული, სანამ სრული ოპოზიციური სპექტრი ჩვენს ქვეყანაში არ არის გაერთიანებული ამ შეთანხმების გარშემო. ამიტომ დღეს მე აქ, ამ დარბაზიდან პირველ რიგში მინდა მივესალმო პოლიტპატიმარ ნიკა მელიას, მინდა მივესალმო პოლიტპატიმარ გიორგი რურუას და გამოვთქვა იმედი, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ შევძლებთ რომ დავხუროთ პოლიტიკური დევნის თემა, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ეს შეთხანხმება, რომელზეც ხელი მოვაწერეთ, გახდეს ნაბიჯი წინ, რომ ჩვენს ქვეყანაში დავასრულოთ პოლარიზაცია დავასრულოთ პოლიტიკური კრიზისი და მოვემზადოთ ადგილობრივი არჩევნებისთვის, რომელიც დარწმუნებული ვარ, უზრუნველყოფს იმას, რომ შემდეგი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები საბოლოოდ პოლიტიკურ კრიზისს დაასრულებს და გზას გაუხსნის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სალომე სამადაშვილმა.

დეპუტატი ასევე, გამოეხმაურა 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებს და აღნიშნა, რომ ამ მოვლენებზე გამოცემული „ამნისტია ეს არის გზა არა დავიწყებისკენ, არამედ, იარების მოშუშებისკენ“.

„ვერასდროს, ვერავინ ამოშლის ჩვენი ხალხის ისტორიული მეხსიერებიდან იმას, რაც იმ დღეს მოხდა, როდესაც ასობით ათასმა მოქალაქემ ჩვენი ქვეყნის ღირსება დაიცვა. ვერც ამ პარლამენტის ისტორიიდან ამოიშლება ის დღე, როდესაც ჩემს მეგობრებთან ერთად ამ დარბაზიდან გავაძევეთ ბატონი გავრილოვი. სამწუხაროდ, ვერც ის დღე ამოიშლება, როცა ამ დარბაზში იმუნიტეტი მოეხსნა ნიკა მელიას მის დასაპატიმრებლად. ამნისტია ეს არის გზა არა დავიწყებისკენ, არამედ, იარების მოშუშებისკენ, იმისთვის, რომ ჩვენ არ ვიყოთ ჩაჭიდებული წარსულ დრამას, წარსულ ტკივილს და შევძლოთ როგორც საზოგადოებამ, წავიდეთ წინ. თუმცა, წინ ვერ წავალთ, თუ საქართველოს რომელიმე მოქალაქე ჩათვლის, რომ ეს ამნისტია მის უფლებებს არღვევს. ამიტომ ჩვენ უახლოეს დღეებში გვმართებს ფართო საზოგადოებრივი დიკუსია ამნისტიის კანონპროექტზე“, – განაცხადა სამადაშვილმა. მისი თქმით, ამ ქვეყნის ისტორია სავსეა მწვავე დაპირისპირებით, ტკივილით და მძიმე პოლიტიკური შეცდომებით. „ეს შეთანხმება იყო შესაძლებლობა მათ შორის, ჩვენთვის რომ მიგვეღწია ფართო ეროვნული კონსესუსისთვის და ბევრ საკითხზე დაგვეხურა ისტორიული თავი.დაგვეხურა ბევრი საკითხი, რაც უზრუნველყოფდა იმას, რომ ამ ქვეყანაში არჩევნების წაგება და მოგება არის ერთი უბრალო პოლიტიკური მოვლენა და არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა დაიწყება, ვიღაც დაკარგავს ყველაფერს, ან მიიღებს ყველაფერს. ჯერ-ჯერობით კიდევ გვაქვს შანსი, თუ შევძელით და ეს ხელშეკრულება მოვიყვანეთ სისრულეში, ჩვენ წინ გვექნება კიდევ შანსი რომ გავაგრძელოთ ამ გზით სიარული, კონსოლიდაციის გზით სიარული “, – განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე მელიაზე: ამბობს, რომ თანახმაა გირაოზე, ოღონდ არ იყოს ამნისტია, ეს არ არის კაცური
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძე: „არანაირი კრიზისი განმუხტული არაა – კრიზისი იმაზე არ იყო დამოკიდებული პარლამენტის დარბაზში ვინმე შემოვიდოდა თუ არა“