სუს-ის უფროსის მოადგილე გაერო-ს წევრი სახელმწიფოების კონტრტერორისტული უწყებების ხელმძღვანელ პირთა კონფერენციაში მონაწილეობს

გაერო-ს წევრი სახელმწიფოების კონტრტერორისტული უწყებების ხელმძღვანელ
პირთა მაღალი დონის პირველ გლობალურ კონფერენციაში: „საერთაშორისო
თანამშრომლობის გაძლიერება ტერორიზმის მზარდი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლის
მიზნით“, საქართველოს დელეგაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძის ხელმძღვანელობით მონაწილეობს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დელეგაციის
შემადგენლობაში ასევე არის გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი
საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კახა იმნაძე.
სესიის – “უცხოელი ტერორისტი მებრძოლების მხრიდან მომდინარე საფრთხეების
წინააღმდეგ ბრძოლა“ ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ ტერორიზმის
წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, ქვეყნის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე
მოხსენება წარადგინა.
გაერო-ს წევრი სახელმწიფოების კონტრტერორისტული უწყებების ხელმძღვანელ
პირთა მაღალი დონის პირველი გლობალური კონფერენცია ნიუ-იორკში, აშშ-ში,
გაერო-ს შტაბ-ბინაში მიმდინარეობს. ღონისძიების მიზანია ახალი მრავალმხრივი
თანამშრომლობის განვითარება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით
საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის გასაძლიერებლად. კონფერენცია 28
ივნისს, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა გახსნა.
ღონისძიებაში კონტრტერორისტული უწყებების ხელმძღვანელი პირები მთელი
მსოფლიოს მასშტაბით, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების
წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.

banner
წინა სტატიაშიპერსონალურ ავტომანქანებთან დაკავშირებულ ინციატივას მამუკა ბახტაძე მთავრობის შემდეგ სხდომაზე წარადგენს
შემდეგი სტატია“სამედიცინო ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფს” კომერციულ საქმიანობასთან კავშირი არასოდეს ჰქონია