საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტი მიხეილ გიორგაძის გადადგომას მოითხოვს

საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძის გადადგომას მოითხოვს. როგორც ”თაიმერს” საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტიდან აცნობეს, ისინი პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს მიმართავენ, რომ მიხეილ გიორგაძე თანამდებობიდან გაათავისუფლოს.

“მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, დაუყოვნებლივ დაატოვებინოს პოსტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძეს, რადგან მისი გამინისტრებიდან დღემდე ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. აღნიშნული კიდევ ერთხელ დადასტურდა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ კვლევით, საიდანაც ირკვევა, რომ გიორგაძის გამინისტრების შემდეგ კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ კომპანიებს საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან გამარტივებული შესყიდვებისა და პირდაპირი დაფინანსების გზით 2.421.743 ლარი აქვთ მიღებული.

ასევე გამოიკვეთა, რომ შპს “ინთერნეიშენალ ივენთსა” და “ისთერნ პრომოუშენის” თანამშრომელთა ნაწილი კულტურის სამინისტროს სსიპ “კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდში” პარალელურად არის დასაქმებული.

მიხეილ გიორგაძის მინისტრად დანიშვნის შემდეგ სამინისტროს მიერ გაცემული თანხების (4.762.767 ლარი) 29% მიხეილ გიორგაძესთან, კახი კანდელაკსა (მოადგილე) და დავით მენაბდესთან (ფონდის თავმჯდომარე) დაკავშირებულ კომპანიებზე მოდის.

საზოგადოებას კარგად ახსოვს, კონკრეტულად რა გახდა კულტურის მინისტრის შეცვლის მიზეზი: გურამ ოდიშარია, რომელმაც უარი თქვა საყდრისის უნიკალური მაღაროს განადგურებაზე, მიხეილ გიორგაძით შეცვალეს. ამას, როგორც მოსალოდნელი იყო, უწყების მიერ მიღებული არაერთი უკანონო გადაწყვეტილება და საბოლოოდ საყდრისის აფეთქება მოყვა.

საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის არაერთი აქცია მიმართული იყო სწორედ სახელმწიფოს მხრიდან კულტურული მემკვიდრეობისადმი არაჯეროვანი და გულგრილი დამოკიდებულების წინააღმდეგ, რაც გიორგაძის მინისტრობის პერიოდში კატასტროფულ ზღვარს მიუახლოვდა. მაგალითისათვის საკმარისია თუნდაც მცხეთის მუზეუმის არარსებობა და უნიკალური ექსპონატების ნესტიან სარდაფში განთავსების ფაქტი, მაშინ როდესაც უცხოელი შემსრულებლების კონცერტები 29 მილიონით დაფინანსდა.

გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აუდიტის სამსახურის კვლევებით გაირკვა, რომ პრემიებისა და დანამატების ოდენობით კულტურის სამინისტრო ერთპიროვნული ლიდერი იყო.

მიხეილ გიორგაძე რომ დირექტივების უსიტყვო შემსრულებელია, ეს ტელეკომპანია „ენტევესთან“ მომხდარი სამარცხვინო ინციდენტითაც დადასტურდა. ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ გიორგაძე სწორედ ასეთი სატელეფონო დირექტივების საფუძველზე იღებს კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფის გადაწყვეტილებებს.

ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ გადააყენოთ თანამდებობიდან მინისტრი, რომელიც ყველაზე სამარცხვინოა მათ შორის, ვისაც ოდესმე ებარა ეს სფერო. გარდა იმისა, რომ სამინისტრო ბიუჯეტი საკუთარ ჯიბის ფულად აქცია, მას არ გააჩნია ამ სფეროს ხელმძღვანელისათვის აუცილებელი ცოდნა და გამოცდილება, შოუბიზნესის მოკაშკაშე და თუ უკვე მიმქრალი ვარსკვლავების ჩამოყვანა კი არც კულტურის დაცვაა და არც ძეგლების.
მიხეილ გიორგაძის თანამდებობაზე დარჩენის შემთხვევაში კომიტეტი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან პერმანენტული საპროტესტო აქციების დაწყების შესახებ კონსულტაციებს დაიწყებს“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტი ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშითბილისი-ბათუმის მიმართულებით ორსართულიანი, ევროპული სტანდარტის მატარებლები იმოძრავებენ
შემდეგი სტატიაფეხბურთში საქართველოს თასის ფინალს გიორგი მარგველაშვილი დაესწრება