სახალხო დამცველის წინადადება „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“

საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, გიორგი უგულუვას საქმეზე განვითარებულ მოვლენებს. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება. "სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას აღნიშნული წინაპირობები სახელმწიფო ხელისუფლების ყველა ორგანოს მიერ კომპეტენციის გამიჯვნით და ფუნქციათა დუბლირების გარეშე, დროლად და ეფექტურად. სახელწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს ყველა ორგანოს იმგვარი ურთიერთკოორდინირებული საქმიანობა, რომლითაც ინდივიდის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება იქნება დაცული. საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება ემსახურება პირის თავისუფლების თვითნებური ხელყოფისგან დაცვის ნორმატიული გარემოს განმტკიცებას. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კანონის ის ნორმა, რომელიც ცალსახად ვერ გამორიცხავდა ხელისუფლების მხრიდან პირის მიმართ თვითნებობის შესაძლებლობას. საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება არ არის თვითაღსრულებადი იურიდიული ბუნების მქონე გადაწყვეტილება, ვინაიდან მხოლოდ ნორმატიულ საფუძველს ეხება, რომლის კონკრეტულ ფაქტებთან მიმართება და გამოყენება საერთო სასამართლოებმა უნდა შეაფასონ ყველა ინდივიდუალურ შემთხვევასთან მიმართებით. ისე, როგორც ეს მოხდა გიორგი უგულავას საქმესთან მიმართებით. საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით გიორგი უგულავას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოადგენს სწორ სამართლებრივ ფორმას, რომლითაც პირის თავისუფლების ხელშეუხებლობა აღადგინა სახელმწიფომ კანონის უზენაესობის და კომპეტენციათა გამიჯვნის ფონზე", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.საქართველოს სახალხო დამცველის წინადადება „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში ცვლილებების შეტანის შესახებ

2017 წლის 23 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში ცვლილებების შეტანის წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს.

სახალხო დამცველმა ხაზგასმით აღნიშნა წარმოდგენილი კანონის პროექტის მნიშვნელობა; ამასთან, მიმოიხილა ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო გაშვილებისა და მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების გაუმჯობესების მიზნით კანონპროექტში შესატანი ცვლილებები.

წინადადების თანახმად, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, გარკვეული ცვლილებები უნდა შევიდეს ადგილობრივი გაშვილების  მარეგულირებელ შემდეგ საკანონმდებლო ნორმებში: შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბავშვის მონაწილეობა, შვილად აყვანის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებისა და აზრის გათვალისწინების ვალდებულება პასუხისმგებელი სუბიექტებისათვის; შვილად ამყვანსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის თავსებადობის დადგენის გაუმჯობესებული მექანიზმის შემოღება; უპირატესი შვილად აყვანის უფლების მქონე პირთა შორის რიგითობის წესის დადგენა; ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპის მიმართება შვილად აყვანის რიგითობასთან; ბავშვის მშვილებლისაგან განცალკევების წესის დადგენა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1239–ე მუხლთან კანონპროექტის შესაბამისობაში მოყვანა.

მომეტებული ყურადღება უნდა გამახვილდეს საერთაშორისო გაშვილების მარეგულირებელი საკანონმდებლო  ნორმების ხარვეზებზე. ამ კუთხით  აღსანიშნავია შემდეგი მიმართულებები:  ჰააგის კონვენციის პრინციპის შესაბამისად, ეროვნული გაშვილების სისტემაში საერთაშორისო გაშვილების წესის მოქცევა; საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვისა და უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მშვილებლების/მშვილებლის თავსებადობის კრიტერიუმების დადგენა; საქართველოს სახელმწიფოს მიერ საზღვარგარეთ გაშვილების საქმეებზე მონიტორინგის სამართლებრივი მექანიზმების დაზუსტება.

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, უნდა გადაიხედოს, ასევე, მინდობით აღზრდის ქვეპროგრამას დაქვემდებარებულ პირთა განსაზღვრის წესი. კერძოდ, უნდა შეიცვალოს კანონპროექტის 70–ე მუხლი პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, ბავშვი, რომლის მშობელიც მხარდაჭერის მიმღები პირია და სასამართლოს მიერ მშობლის უფლებამოსილების ნაწილში მხარდამჭერად დანიშნული ჰყავს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი, ექვემდებარება მინდობით აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართვას. აღნიშნული საფუძვლით ბავშვის ბიოლოგიური ოჯახიდან გამოყვანა და მისი სახელმწიფო მზრუნველობაში განთავსება არ შეესაბამება გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციის მოთხოვნებს და უნდა მოხდეს სახელმწიფოს ინტერვენცია ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში ზრუნვისა და აღზრდის მიზნით.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, ზემოაღნიშნული წინადადების გათვალისწინებით, გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციის სტანდარტების შესაბამისად განახორციელოს საჭირო ცვლილებები „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტში და ბავშვის საუკეთესო ინტერესების საფუძველზე განსაზღვროს შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცესის მომწესრიგებელი ნორმების ნორმატიული შინაარსი.

 

 

banner
წინა სტატიაში“მატროსოვის ციხეში” დეკანოზის დაკითხვა იწყება – დასაკითხად პროკურატურის წარმომადგენლები მივიდნენ
შემდეგი სტატიასენაკში რვა წლის ბავშვს ამ დრომდე ეძებენ