სახალხო დამცველი ქობულეთში 14 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება

ქობულეთში 14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე სახალხო დამცველის აპარატი სახელმწიფო უწყებების პასუხისმგებლობის საკითხს შეისწავლის – შესაძლო დაგვიანებული და არაეფექტური რეაგირების მიმართულებით.

“მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს ტრაგიკული ფაქტი არ არის განყენებული შემთხვევა და წარმოადგენს იმ სისტემური უმოქმედობის, კვალიფიკაციის ნაკლებობისა და ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა სათანადო სარეაბილიტაციო სერვისების არარსებობის შედეგს, რომელზეც სახალხო დამცველის აპარატი წლებია მიუთითებს.

მომხდარმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ პასუხისმგებელი უწყებები ვერ ახდენენ ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე დროულ, ეფექტიან და კოორდინირებულ რეაგირებას, რაც სახელმწიფოს მხრიდან სასწრაფო რეაგირებას და სისტემური ცვლილებების გატარებას საჭიროებს”. – წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2018-2019 წლებში არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეების მესამედზე შეწყდა გამოძიება, რომლის ერთ-ერთი საფუძველი მტკიცებულებების არარსებობა გახდა, რაც, ომბუდსმენის ცნობით, დანაშაულის გამოძიების დაგვიანებისა და არასრულწლოვნებთან სათანადო კომუნიკაციის არარსებობის გამო მოხდა.

“2018-2019 წლებში სექსუალური ძალადობის საქმეებზე დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა 317 არასრულწლოვანს. თუმცა, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ბაზაზე თითო რეგიონში მხოლოდ ერთი ფსიქოლოგი მუშაობს, რაც შეუძლებელს ხდის ყველა შემთხვევაზე დროულ და სათანადო რეაგირებას. ბავშვის მიმართ ძალადობის თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით ეფექტური ღონისძიებების გატარებას ართულებს სააგენტოში დასაქმებულ სოციალურ მუშაკთა რაოდენობა, მათი სამუშაო პირობები და რესურსებზე ხელმისაწვდომობა”, – წერს ომბუდსმენი.

banner
წინა სტატიაშისაქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ფრონტის ხაზზე იბრძვის – ადამ კინზინგერი
შემდეგი სტატიათავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალებს ახალი აღჭურვილობა გადაეცათ