სახალხო დამცველი გიორგი შაქარაშვილის საქმეს მონიტორინგს გაუწევს

region
ავტ.: region ივლისი 14, 2020 15:32

სახალხო დამცველი გიორგი შაქარაშვილის საქმეს მონიტორინგს გაუწევს

სახალხო დამცველი გიორგი შაქარაშვილის საქმეს მონიტორინგს გაუწევს. ომბუდსმენს პროკურატურა საქმის მასალების გაცნობის მოთხოვნაზე დათანხმდა.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქმეში სახალხო დამცველი არა რომელიმე მხარის ინტერესის სასარგებლოდ, არამედ იმ მიზნით ჩაერთვება, რომ გამოძიების ობიექტურად მიმდინარეობას დააკვირდეს.

ამასთან, ომბუდსმენის ინფორმაციით, უკვე მოინახულეს საქმეზე ბრალდებულები და ორი მათგანისგან ზეგავლენის მოხდენის ფაქტზე მიიღეს ინფორმაცია, რასაც სახალხო დამცველი შეისწავლის.

რაც შეეხება გიორგი შაქარაშვილის ოჯახთან შეხვედრას, სადაც დაზარალებულებმა სახალხო დამცველს მთავარი არხის მხრიდან ბულინგის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, ნინო ლომჯარიამ ყველა მედიასაშუალებას თემის ეთიკური ნორმების დაცვით გაშუქებისკენ მოუწოდა.

„საქმეში ჩვენი ჩართვის მიზანია მხარეთა უფლებების დაცვა, როგორც დაზარალებულის, ასევე ბრალდებულების, რომ მათი საპროცესო უფლებები გამოძიების პროცესში იყოს დაცული“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისი თქმით, სახალხო დამცველი გეგმავს, საქმეში დაზარალებულებთან შეხვედრასაც, რაც შეეხება დაკავებულებს, ომბუდსმენმა შაქარაშვილის საქმის ბრალდებულებთან შეხვედრები დაასრულა.

„დაკავებულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ მათ არ სჭირდებათ სახალხო დამცველის დახმარება. თუმცა იყო ცალკეული საყურადღებო ინფორმაციები, რომლებიც ეხება სავარაუდო ზემოქმედების განხორციელების მცდელობას, რომლებზეც ბრალდებულები საუბრობენ“, – განაცხადა ლომჯარიამ.

მას დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა საუბარია ორ ბრალდებულზე, რომელთაგან ერთ-ერთმა ფიზიკურ ზემოქმედებაზე განცხადება უკვე გააკეთა, მეორეს შემთხვევაში კი, სავარაუდოდ, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებაზეა საუბარი.

რაც შეეხება გიორგი შაქარაშვილს ოჯახთან შეხვედრას, ომბუდსმენის თქმით, ოჯახმა განაცხადა, რომ მედიის მხრიდან ცალკეული ქმედებები დისკომფორტს უქმნის.

„სახალხო დამცველი არ არის ორგანო, რომელიც მედიასაშუალებებს ეტყვის, რა ფორმით ან როგორ მოიპოვონ ინფორმაცია. გარკვეული რეკომენდაციები მაქვს ყველასთვის, ვინც აღნიშნული საქმის ირგვლივ ავრცელებს ინფორმაციას, ჩემი თხოვნა იქნება, რომ პატივი ვცეთ ოჯახის პირად სივრცეს, ასევე ძალიან მძიმეა ოჯახისთვის როდესაც ვრცელდება კადრები და გარკვეული ფოტოსურათები, რაც ოჯახის განცხადებით, მათ ტრავმირებას იწვევს, ამიტომ გასათვალისწინებელია, რომ ისე გავავრცელოთ ფაქტები, ვიფიქროთ ოჯახის მდგომარეობაზე“, – განაცხადა ლომჯარიამ

region
ავტ.: region ივლისი 14, 2020 15:32

Google სტატისტიკა


2,765
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics