საინიციატივო ჯგუფი თსუ-ს აკადემიური საბჭოს ფორმატის გაზრდას ითხოვს

განათლების მინისტრის თამარ სანიკიძისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინიციატივო ჯგუფის პროფესორების შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრიდან გამოსული პროფესორების განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს ფორმატის გაზრდა იყო.

„კონკრეტულად ჩვენი ინიციატივა, რომელიც მინისტრთანაც გამოვთქვით და უნივერსიტეტშიც, არის აკადემიური საბჭოს ფორმატის გაზრდა, ანუ წარმომადგენლები, რომლებიც აკადემიურ საბჭოში იქნებიან, მათი რიცხობრივი რაოდენობა იყოს უფრო მრავალფეროვანი”, – განაცხადა პროფესორმა გია ლობჟანიძემ.

საინიციატივო ჯგუფის პროფესორების მეორე მოთხოვნა იყო აკადემიური საბჭოს არჩეული წევრების პასუხისმგებლობის გაზრდა, ანუ მათ რომ ჰქონდეთ პასუხისმგებლობა თავიანთი ამომრჩევლის წინაშე.

„ეს მოგვცემს საშუალებას, რომ აკადემიური საბჭო არა მარტო რიცხობრივად, არამედ თვისობრივად გაიზარდოს და პასუხისმგებლობა მოემატოს“, – განაცხადა პროფესორმა გია ლობჟანიძემ.

პროფესორების განცხადებით, მინისტრი დაეთანხმა მათ ინიციატივებს.

თამარ სანიკიძის განცხადებით, მთავარი პრობლემა, რაც პროფესორებთან შეხვედრისას დაინახა, არის უნივერსიტეტში კომუნიკაციის ნაკლებობა.

„პირველ რიგში, რაც შეხვედრაზე გამოიკვეთა, არის მეტი კომუნიკაციის საჭიროება. კომუნიკაციური ვაკუუმი სამწუხაროდ არსებობს უნივერსიტეტში. ძალიან ბევრი ინფორმაცია კანონში უკვე განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, არც თუ ისე კარგად ცნობილია, რაც ნამდვილად გულდასაწყვეტია“, – აღნიშნა თამარ სანიკიძემ.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც შეხვედრაზე გამოითქვა, არის რექტორის არჩევის თემა. მანამდე კი აკადემიური საბჭოს არჩევის პროცედურები.

„ვისაუბრეთ იმაზე, რომ აუცილებელია ის ცვლილებები, რომელიც წესდებაში უნდა განხორციელდეს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა შეითავსოს ეს“, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.

მისი განცხადებით, აკადემიური საბჭო უნდა იყოს გაფართოებული ფორმატით და ახალი წესით არჩეული წარმომადგენლებით დაკომპლექტებული.

როგორც თამარ სანიკიძემ განაცხადა, უნივერსიტეტში სენატის სხდომა ჩატარდება და გარკვეული საკითხები იქ გადაწყდება.

banner
წინა სტატიაშისტუ-ს მოშიმშილე პროფესორი ზაალ მიქაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიაგირჩის ახალი ოფისი ჩუღურეთში გაიხსნა