საია: მოვუწოდებთ სასამართლოს, შეისწავლოს საკარანტინო შეზღუდვების კონსტიტუციურობა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწდებს საკონსტიტუციო სასამართლოს დაჩქარებულ ვადაში შეისწავლოს მთავრობის მიერ 28 ნოემბერს დაწესებული საკარანტინო შეზღუდვების კონსტიტუციურობა და მიაჩნია, რომ დაწესებული შეზღუდვები ზღუდავს კონსტიტუციით განსაზღვრულ თავისუფლებებს.

“მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყეტილებები გავლენას ახდენს ეკონომიკურ საქმიანობაზე. ღამის საათებში ტრანსპორტით გადაადგილების აკრძალვა ზღუდავს კონსტიტუციით გარანტირებულ გადაადგილების თავისუფლებას, ბაზრობების და სავაჭრო ობიექტების დაკეტვა ზღუდავს ამ ობიექტების მფლობელთა საკუთრების უფლებას, რაც იწვევს აღნიშნულ ობიექტებში დასაქმებული ადამიანების შრომის თავისუფლებაში ჩარევას”. – წერია საიას განცხადებაში.

საიას არაკონსტიტუციურად მიაჩნია შრომის და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის პარლამენტიდან მთავრობაზე დელეგირება, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით, გადაადგილების თავისუფლება უნდა შეიზღუდოს მხოლოდ კანონით, ხოლო კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით, შრომის თავისუფლება რეგულირდება ორგანული კანონით. როგორც ჩვეულებრივ კანონს, ისე ორგანულ კანონს იღებს საქართველოს პარლამენტი, შესაბამისად, კონსტიტუციის ცალსახა მოთხოვნას წარმოადგენს, რომ შრომის თავისუფლება და გადაადგილების თავისუფლება შეიზღუდოს პარლამენტის და არა მთავრობის მიერ.

“კონსტიტუციით განმტკიცებულია ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, რომლის მიხედვითაც, პარლამენტს ეკისრება შრომისა და გადაადგილების თავისუფლებაზე ექსკლუზიური საკანონმდებლო ჩარჩოს დაწესების ვალდებულება. ხელისუფლების დანაწილების პრინციპის მიხედვით, მთავრობა პარლამენტის მიერ დაწესებული სტანდარტების ზედმიწევნით აღმასრულებელი უნდა იყოს. ეს არის ხელისუფლების დანაწილების ის მოდელი, რასაც კონსტიტუცია გვთავაზობს. ამის საპირისპიროდ, რეალურად ვიღებთ ისეთ ვითარებას, როცა შრომის და გადაადგილების კონსტიტუციურ თავისუფლებების შემზღუდველ ჩარჩოს, პარლამენტის მონაწილეობის გარეშე, აწესებს მთავრობა, რომელიც არის თავისივე დაწესებული შეზღუდვის აღმასრულებელი.

ასეთ ვითარებაში, მთავრობის უკონტროლო და ჭარბი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების ერთადერთი გარანტი უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც უნდა დაიცვას ადამიანის კონსტიტუციური უფლებები მთავრობის გაუმართლებელი ჩარევისაგან და იმავდროულად აიძულოს პარლამენტი, შეასრულოს მისი კონსტიტუციური ვალდებულება – მთავრობას დაუწესოს შრომის და გადაადგილების თავისუფლების შემზღუდველი საკანონმდებლო ჩარჩო”. – წერია განცხადებაში.

საია მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს, დროულად განიხილოს მის წარმოებაში არსებული საქმეები, რომელიც ეხება შრომის და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის მთავრობაზე დელეგირების კონსტიტუციურობას. აღნიშნული სარჩელების განხილვის დროში გაწელვა კიდევ უფრო დააზიანებს ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს კონსტიტუციური მართლმსაჯულების ეფექტიანობას და შეარყევს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობას.

28 ნოემბრიდან, საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე დაიწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ იმუშავებს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავლენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტება ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები.

banner
წინა სტატიაშიიმედის კლინიკის ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაქუთაისის ახლადარჩეულ მერს კორონავირუსი დაუდასტურდა