საია-მ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ინფორმაციის მიღების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

საია-მ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ ორგანიზაციიდან ინფორმაციის მიღების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა.

საია-ს ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2018 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მაუწყებლის გენერალურ დირექტორს თანხმობა მისცა, ტექნიკური გადაიარაღების განხორციელების მიზნით, ფინანსური რესურსების მოსაზიდად სესხის აღებასა და შესაბამისი პროცედურების დაწყებაზე.

როგორც საია-ში აცხადებენ, საქმე ეხება რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო გენერალური დირექტორის 2018 წლის 31 ივლისის სამსახურებრივი ბარათი, სადაც მითითებული უნდა იყოს სესხის ზუსტი ოდენობა და ტექნიკური გადაიარაღების დეტალური გეგმა. ​საია-ში განმარტავენ, რომ აღნიშნული დოკუმენტი გამოითხოვეს, თუმცა საზოგადოებრივ მაუწყებელს გამოთხოვილი ინფორმაცია არ მიუწოდებია.

„დოკუმენტი, სადაც დეტალურად არის გაწერილი, რაში დაიხარჯება სესხში აღებული თანხა და როგორ მოხდება შემდგომში ამ სესხის დაფარვა, გამოვითხოვეთ საზოგადოებრივი მაუწყებლისგან. მათ გვითხრეს, რომ ეს არ არის ოფიციალური დოკუმენტი და ვერ გადმოგვცემენ, თუმცა გადაწყვეტილება ამ დოკუმენტზე დაყრდნობით მიიღეს და ჩვენ ვითხოვთ, გადმოგვცენ ეს ინფორმაცია და დოკუმენტი“, – განაცხადა საია-ს იურისტმა, მარიამ გოგოსაშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსებისა და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორი ნოდარ ჭიჭინაძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ფინანსურად ბოლომდე გამჭვირვალე ერთადერთი ტელევიზია და ყველა ნაბიჯი, ყველა დეტალი, იქნება ეს სესხის საპროცენტო განაკვეთი თუ ვადიანობა, შეთანხმებული იქნება სამეურვეო საბჭოსთან. მისივე თქმით, ეჭვის შეტანა იმაში, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი რაიმე ტიპის ფინანსურ ოპერაციას განახორციელებს დამალულად, არის არაკომპეტენტურობა.

banner
წინა სტატიაშისექტემბერში განათლების რეფორმის პრეზენტაცია გაიმართება
შემდეგი სტატიაატენის ხეობაში დაკვამლიანებაა