საია ხელისუფლებას საჯარო მოხელის შეფასების სისტემის ცვლილებას სთავაზობს

საია საჯარო მოხელის შეფასების სისტემის ცვლილებების ინიციატივით გამოდის. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე კვლევა მოამზადა და ხელისუფლებას 29 რეკომენდაციით მიმართავს.

“დაინერგოს საჯარო მოხელის შეფასების სისტემის შერეული მოდელი, რომელიც აერთიანებს ტრადიციული შეფასების სისტემისა და მიზნებზე ორიენტირებული შეფასების სისტემის ელემენტებს. განისაზღვროს საჯარო მოხელის გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირისა და მმართველ პოზიციაზე მყოფი საჯარო მოხელის შეფასების განსხვავებული წესი და კრიტერიუმები. საჯარო მოხელის ერთწლიანი გამოსაცდელი ვადა შემცირდეს 6 თვემდე და საჯარო მოხელის გამოსაცდელი ვადის დანიშნული პირის შეფასება მოხდეს ერთხელ, გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ. განისაზღვროს საჯარო მოხელესა და შემფასებელ პირს ან ორგანოს შორის მიზნობრივი შეთანხმების გაფორმების აუცილებლობა. საჯარო მოხელის ინდივიდუალური მიზნები უნდა იყოს სპეციფიური, გაზომვადი, მიღწევადი, რელევანტური და დროში დაგეგმილი. საჯარო მოხელის შეფასების მეთოდებად უნდა განისაზღვროს თვითშეფასება, გასაუბრება ან უშუალო პირის მიერ შეფასება, ხოლო შეფასების კრიტერიუმებად საჯარო მოხელის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობა, ხარისხი და სირთულე, საჯარო მოხელის შეფასების შედეგები უნდა აისახოს საჯარო მოხელის დაწინაურების, წახალისებისა და პროფესიული განვითარების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე”, – ნათქვამია რეკომენდაციების პაკეტში, რომელსაც საია ხელისუფლებას სთავაზობს.

როგორც ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, ისინი მონიტორინგს განახორციელებენ, თუ რამდენად გაითვალისწინებს ხელისუფლება შეთავაზებულ რეკომენდაციებს.

კვლევის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გაიმართა.

banner
წინა სტატიაში,,ხელისუფლებისთვის იქნება ისეთი ფინალი, როგორიც ყოველთვის იყო “
შემდეგი სტატიატყიბულის გამგეობის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს