,,ხელისუფლებისთვის იქნება ისეთი ფინალი, როგორიც ყოველთვის იყო “

მიმდინარე კვირის ბოლოს ან მომავალი კვირის დასაწყისში საარჩევნო საკითხებზე, მათ შორის საარჩევნო სისტემის შეცვლის თემაზე ინტერპარტიულ ფორმატში პირველი შეხვედრა გაიმართება, – ამის თაობაზე ჟურნალისტებს “ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ განუცხადა.

კაციტაძის ინფორმაციით, ინტერპარტიულ ფორმატში ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებებთან სასაუბროდ სახელისუფლებო კოალიციის წარმომადგენლები დასხდებიან.

“ჩვენ შევხვდით ახალ პრემიერ-მინისტრს. მან დაიწყო დიალოგი ზოგადად საარჩევნო გარემოზე და მათ შორის საარჩევნო სისტემაზე. ამის შემდეგ იყო რამდენიმე კონსულტაცია გიორგი კვირიკაშვილის წარმომადგენელთან. ამ კვირის ბოლოს, ან მომავალი კვირის დასაწყისში ჩანიშნულია ინტერაპრტიული ჯგუფის შეხვედრა, სადაც ოპოზიციური პარტიების და ხელისუფლების წარმომადგენლები ვისაუბრებთ ყველა თემაზე, მათ შორის იმ თემაზე, რომლის განხილვაც დღეს იწყება. რომ გითხრათ, რომ გვაქვს გადაჭარბებული მოლოდინი, მოგატყუებთ, მაგრამ არც იმას გეტყვით, რომ უიმედოდ ვართ. თუ ხელისუფლებაში გონიერება გაიმარჯვებს და ყველა ერთად შევეცდებით მოვხსნათ კითხვის ნიშნები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ეს კარგი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ იმას, რაც ყოველთვის ხდებოდა და ხელისუფლებისთვის იქნება ისეთი ფინალი, როგორიც ყოველთვის იყო”, – განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა კაციტაძემ.

პარლამენტმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა დაიწყო. კანონპროექტს ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იხილავს.

საკონსტიტუციო ცვლილებები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ნაცვლად სამხარეო პროპორციული სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს. აღნიშნულ ინიციატივას თან 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერა ერთვის.

banner
წინა სტატიაშიადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 47-მა კანდიდატმა გამოთქვა
შემდეგი სტატიასაია ხელისუფლებას საჯარო მოხელის შეფასების სისტემის ცვლილებას სთავაზობს